რუსეთის საგარეო უწყებაში ზელენსკის უპასუხეს: პუტინი დიალოგს არასდროს გაურბოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც უკრაინის პირველი პირი მზად არის, დონბასზე სასაუბროდ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდეს.

როგორც “რია ნოვოსტი”-ს უწყებაში წყარომ განუცხადა, მოსკოვი არასდროს არიდებს თავს მოლაპარაკების პერსპექტივას, ვლადიმერ პუტინი კი დიალოგს არასდროს გაურბოდა.

ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა – “მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის პირდაპირ დიალოგს სხვადასხვაგვარად აფასებს, დარწმუნებული ვარ, ეს უნდა გავაკეთოთ – მინსკის გამოტოვების გარეშე, პარალელურად, ცალკე ფორმატად”.

მან ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების წარმატების იმედი აქვს.

“არსებობს საკითხები, რომელთა გაგება შეგიძლია მაშინ, როდესაც პირისპირ ხარ და არსებობს ზოგიერთი პასუხები, რომელთა მოსმენა შეგიძლია მხოლოდ პირისპირ მდგომარეობაში, რომ უკვე ასპროცენტიანი დასკნის გამოტანა შეგეძლოს და სხვა გზით დაიწყო სვლა – “ბ” გეგმით”, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პანდემიის ფონზე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირების საკითხი გაჭიანურდა, ამიტომ თავს მის მოსაგვარებლად კიდევ რამდენი თვე მისცა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დონბასში კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ მას მათი რეალიზება არ სურს.

“მათ უნდა ველაპარაკოთ, მათთან შევთანხმდეთ. ვიმეორებ, მინსკის ფორმატი  პრიორიტეტია, მაგრამ არავინ აუქმებს ნებისმიერ სხვა ფორმატსაც. ნებისმიერი ფორმატისთვის ვარ მზად, რომელიც ომის დასრულებასთან მიგვაახლოვებს”, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები