უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი დიალოგის გამართვის მზაობა გამოთქვა, რომლის დროს დონბასში ომის დასრულების საკითხი უნდა იქნას განხილული.
ამის შესახებ ზელენსკიმ მისი პრეზიდენტობის ერთი წლის შეჯამებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის პირდაპირ დიალოგს სხვადასხვაგვარად აფასებს, დარწმუნებული ვარ, ეს უნდა გავაკეთოთ – მინსკის გამოტოვების გარეშე, პარალელურად, ცალკე ფორმატად”, – თქვა უკრაინის პირველმა პირმა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების წარმატების იმედი აქვს.
“არსებობს საკითხები, რომელთა გაგება შეგიძლია მაშინ, როდესაც პირისპირ ხარ და არსებობს ზოგიერთი პასუხები, რომელთა მოსმენა შეგიძლია მხოლოდ პირისპირ მდგომარეობაში, რომ უკვე ასპროცენტიანი დასკნის გამოტანა შეგეძლოს და სხვა გზით დაიწყო სვლა – “ბ” გეგმით”, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პანდემიის ფონზე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირების საკითხი გაჭიანურდა, ამიტომ თავს მის მოსაგვარებლად კიდევ რამდენი თვე მისცა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დონბასში კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ მას მათი რეალიზება არ სურს.
“მათ უნდა ველაპარაკოთ, მათთან შევთანხმდეთ. ვიმეორებ, მინსკის ფორმატი – პრიორიტეტია, მაგრამ არავინ აუქმებს ნებისმიერ სხვა ფორმატსაც. ნებისმიერი ფორმატისთვის ვარ მზად, რომელიც ომის დასრულებასთან მიგვაახლოვებს”, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.