მედია: კორონავირუსის წინააღმდეგ იაპონურმა წამალმა ეფექტურობა ვერ გამოავლინა

იაპონურმა ​პრეპარატმა, “ავიგანმა”, რომელზეც კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით დიდ იმედებს ამყარებდნენ, კლინიკური ცდების დროს ეფექტურობა ვერ გამოავლინა.

ამის შესახებ სააგენტო “კიოდო” წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წამალი კომპანია Fujifilm Toyama Chemical Co-ის მიერ 6 წლის წინ გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით, ცხოველებზე ცდების შედეგად გაირკვა, რომ წამალმა უკუჩვენებები გამოავლინა ნაყოფის განვითარების მხრივ და პრეპარატი ფეხმძიმე ქალებს აუკრძალეს. თუმცა, ჩინელმა მედიკოსებმა პნევმონიის მკურნალობის დროს მისი ეფექტურობა აღიარეს.

ჩინელი ექიმების განაცხადის შემდეგ, იაპონიამ წამლის კლინიკური ცდები ისევ დაიწყო, რომ მაისის ბოლოსთვის სამკურნალოდ მისი გამოყენების ნებართვა გაეცა.

თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად პრეპარატის ეფექტურობის მტკიცებულება არ არსებობს.

ამჟამად, ცდები მსუბუქი და საშუალო სიმპტომების მქონე 86 პაციენტზე ტარდება.

მათ ნაწილს პრეპარატს ჰოსპიტალიზაციისთანავე ასმევდნენ, დანარჩენებს – მეექვსე დღეს, თუმცა, შუალედური ანგარიშის თანახმად, ვირუსის შემცირების კოეფიციენტში მნიშვნელოვანი სხვაობა არ შეიმჩნევა.

ამასთან, კვლევის გაგრძელების საჭიროებას ესმება ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები