აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები 20 მაისიდან ეტაპობრივად გაიცემა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება ხვალიდან, 20 მაისიდან იწყება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისიდან, „აგროდიზელით ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან ფასდაკლების ბარათებს გასცემს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებიც.
“​ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციასა და დაზუსტებას.
​პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეძენა, დაახლოებით, 1 ლარამდე ნაკლებ თანხად არის შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1-ელი  ივნისიდან მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.
​პირველ ივლისამდე ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1-ივლისიდან 1-ელ სეტემბრამდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, 1-ელი სექტემბრიდან კი შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათის განაღდება.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ სტრატეგიული მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე, arda.gov.ge
​სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები