თეთრი ცოლიკაური, ტრადიციული და ევროპული სტანდარტებით დამზადებული ჩხავერი, ნახევრად ტკბილი წითელი და მშრალი თეთრი ღვინოები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქედაში ,,შატო ივერის“ მარანში ბიომევენახეობის პრინციპით მზადდება.
ოჯახური ბიზნესი ერთი წელია, რაც წამოიწყო, თუმცა მეღვინეობას, ბავშვობიდან სწავლობს. თავის მამულში ნახევარ ჰექტარზე მოაშენა როგორც პოპულარული, ასევე, უნიკალური ჯიშის ვაზები. როსტომ ბერიძის მიერ წარმოებულ ღვინოზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ტურისტული თვალსაზრისით მარანი და რესტორანიც ააშენა, სადაც უცხოელებს ქართულ ტრადიციულ ნაწარმს სთავაზობს.
“რეგიონული კვირა“ სოფელ ვარჯანისში მევენახე როსტომ ბერიძეს ესტუმრა, ფერმერმა ვაზის ის უიშვიათესი და უნიკალური ჯიშებიც გვაჩვენა, რომლებიც ადგილობრივებმა მტრისგან დასაცავად ტყეში გადამალეს. ფერმერმა მათი ხასიათი კარგად შეისწავლა და მოვლა-გამრავლების სპეციფიკაც შეიმუშავა. ერთ-ერთი მათგანი ,,ხოფათურის“ ჯიშია, რომელიც მოსავლიანობითა და გემოვნებით გამოირჩევა. ბევრი ჯიშის სახელწოდება, ჯერჯერობით, უცნობია, როგორც როსტომ ბერიძემ ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ამ თემაზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ.
“როდესაც სასწაულად გადარჩენილი ვაზის ჯიშების ისტორიას ვიზიტორებს ვუყვები, ტურისტის ინტერესი ღვინის კულტურას სცდება და სხვა ისტორიის მოსმენაც უნდა, რაც ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამაღელვებელია. ეს უნიკალური ჯიშები ტყიდან ჩემს ვენახში გავაშენეთ, მართლაც სასწაულად გადაურჩა მტრის ხელს. გამოირჩევა მოსავლიანობით, ზოგჯერ იმდენ მტევანს ისხამს, ღერო ვეღარ უძლებს და ვამაგრებთ რომ არ გადატყდეს. გამოიყენება როგორც საღვინედ, ასევე, სუფრისთვისაც.
რაც შეეხება იმას, მე როგორ დავიწყე ფერმერობა – ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მამას ვეხმარებოდი ვაზის მოვლაში, ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა. ყოველთვის მასწავლიდა – ვაზს, როგორც ქალს, ისე უნდა მოუაროო, თავიდან ამ სიტყვების არსს ვერ ვხვდებოდი, თუმცა დროთა განმავლობაში მეც იმავენაირად დავიწყე ფიქრი და თავისთავად მოხდა ის, რომ მამის მსგავსად მეც ვეღარ ვძლებდი ვენახის გარეშე. ბოლო წლებია, რაც ბიზნესად ვაქციე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი შემოსავალი არ არის, უნდა გიყვარდეს შენი საქმე, უნდა იამაყო იმით, რასაც აკეთებ.
მიხარია, როდესაც აქ მოსული ადგილობრივი ან ტურისტი კმაყოფილი მიდის, ისინი ხედავენ ოჯახურ გარემოში დამზადებულ ნატურალურ პროდუქტს, დამზადებაში მათაც ვაღებინებთ მონაწილეობას, ვუხსნით, რა როგორ უნდა გააკეთონ და იმეორებენ, ეს მათთვის დიდი გამოცდილება და სიამოვნებაა. როდესაც თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან, ხომ მოყვებიან ჩვენზე, ჩვენს კულტურაზე. კიდევ უფრო გავაფართოებთ ჩვენს ოჯახურ საქმიანობას, წელს ჩამოსულ ტურისტს დაგემოვნების გარდა ამ ულამაზეს მთებში დარჩენაც შეეძლება, ამისთვის თითქმის მზად ვართ“, – უყვება “რეგიონულ კვირას” როსტომ ბერიძე.
ქედელი ფერმერის ღვინო უკვე საზღვარგარეთ ექსპორტზეც გადის განსხვავებული ეტიკეტით და ნებისმიერი, ვინც საქართველოში ერთხელ მაინცაა ნამყოფი, მიხვდება, რომ ქართული პროდუქტია.
მომავალ წელს “შატო ივერი“ ვიზიტორებს დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელ ნახევრადტანინიან ქვევრის ღვინოსაც შესთავაზებს. ქვევრები ეზოში იქნება განთავსებული.
ფიქრია დავლაძე