აშშ-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდა წარმატებით ჩატარდა
შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს, – განაცხადეს კომპანია Moderna-ში.
16 მაისს დაწყებულ კვლევაში 45 ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე ჯგუფად იყო დაყოფილი და მათ ვაქცინის სხვადასხვა დოზა შეუყვანეს.
როგორც გაირკვა, ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის მცირე რაოდენობა მიიღეს, ანტისხეულები გამოუმუშავდათ, როგორც მათ, ვინც დაავადება უკვე დაამარცხა.
ადამიანებს კი, რომლებსაც ვაქცინის დიდი რაოდენობა შეუყვანეს, გაცილებით მეტი ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ვიდრე იმათ, ვინც COVID-19-ის მკურნალობა დაასრულა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად ვაქცინაზე ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ უკვე ივლისისთვის ქვეყანამ მისი ცდის მესამე ეტაპზე გადასვლა შეძლოს.
“წარმატების შემთხვევაში, პრეპარატის ლიცენზირებაზე განაცხადს გავაკეთებთ”, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.