ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით კოოპერატივი შეიქმნა, რომელმაც ჟოლო წელს პირველად დარგო. “კაროლინას” ჯიშის ნერგები, დაახლოებით სამ ჰექტარზეა გაშენებული და ფერმერები მოსავალს აგვისტოს თვეში ელოდებიან.
გელა აღლემაშვილი ერთ-ერთია, ვინც კოოპერატივში გაწევრიანდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების საშუალებით დიდი ხნის ოცნება აისრულა.
“ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სულ მინდოდა კენკროვანი ჯიშების მოყვანა, უბრალოდ, ეკონომიკური ფაქტორი ამის საშუალებას არ მაძლევდა. ერთ დღესაც, როცა სახელმწიფო პროგრამების შესახებ გავიგე, მაშინვე შევქმენით კოოპერატივი და დავიწყეთ ჟოლოს გაშენება. ყველა ხარჯი სახელმწიფომ აგვინაზღაურა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვიყიდა ნერგები, სარწყავი სისტემა გაგვიკეთა, ასევე მოგვიტანეს სპეციალური ბოძები, რომელზეც უნდა ავიდეს მალინა. რომ არა სახელმწიფო, ალბათ ისევ კარტოფილის თესვას გავაგრძელებდი და ვერასდროს ავიხდენდი ოცნებას”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ფერმერი.
15 ადამიანისგან შექმნილი კოოპერატივის კიდევ ერთი წევრი ჯემალ ბოლქვაძეა. მისი თქმით, სახელმწიფო ფერმერებს ხელს ძალიან უწყობს. ამბობს, რომ მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის დროს ყველაფერი გაჩერებული იყო, ადიგენში არსებული კოოპერატივი მუშაობას კვლავ განაგრძობდა და უფრო მეტიც, წვეთოვანი სისტემაც ამ დროს დაუმონტაჟეს.
“წელს პირველად დავრგეთ და დიდი რაოდენობით მოსავალს არ ველოდებით. თუმცა, ორ წელში სერიოზული ფერმერი ვიქნები და შესაძლებელია ჩვენი მოყვანილი მალინა საზღვარგარეთაც გავიტანოთ გასაყიდად. რაც შეეხება სახელმწიფოს დახმარებას, მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. ფული არაფერში დაგვიხარჯია, ყველაფერი მათ გვიყიდეს და დაგვიმონტაჟეს. პანდემიის პერიოდში გახარიას თხოვნით მივმართეთ, რომ არ გაგვეჩერებინა სამუშაოები და მანაც ნებართვა მოგვცა”,- ამბობს ჯემალ ბოლქვაძემ.
როგორც ფერმერები “რეგიონულ კვირასთან” საუბრობენ, წელს დიდი რაოდენობით მოსავალს არ ელოდებიან, თუმცა სამომავლოდ მათ მიერ მოყვანილმა ჟოლომ, შეიძლება, საზღვარგარეთის ბაზარებზე დიდი პოპულარობა მოიპოვოს. ფერმერების თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ დახმარებას მომავალშიც აპირებს და 20-ტონიანი მაცივრის უფასოდ გადაცემას დაჰპირდა.
მედეა ლომიძე