ვახტანგ მუკბანიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბულეშში ცხოვრობს. მისი ოჯახი კენკროვანი კულტურების და ჩირის წარმოებით არის დაკავებული. საწარმოს, რომელიც სახელმწიფო გრანტების დახმარებით გააკეთეს, “ტაბგაალ” – იმ უნიკალური ჯიშის მსხლის სახელი დაარქვეს, რომელიც მხოლოდ მათთან ხარობს.
ბულეშელი მეწარმე “რეგიონულ კვირას“ თავისი შრომით და სახელმწიფო გრანტების დახმარებით შექმნილი პატარა საწარმოს ისტორიას უყვება.
“სოფელ ბულეშში მრავალრიცხოვან ოჯახში დავიბადე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, პეტერბურგში წავედი სასწავლებლად. ოჯახი პეტერბურგში შევქმენი. ჩემი მეუღლე პოლონური წარმოშობის უკრაინელი, გვარად ბოგუსლავსკი გახლავთ. ორი შვილი პეტერბურგში შემეძინა. ბავშვები სასკოლო რომ გახდნენ, სვანეთში დაბრუნება გადავწყვიტეთ, რადგან ჩემი მშობლიური კუთხე ძალიან მიყვარს და არც კი მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე“.
იხსენებს, რომ საქართველოში დაბრუნება 1993 წელს – გაჭირვების, უშუქობის და უსახსრობის პერიოდში მოუხდა. თითქმის ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ოჯახიც გამრავლდა და კიდევ ორი შვილიც შეეძინათ. ოთხი მცირეწლოვანის პატრონებს გაცილებით მეტი საჭიროება დაუდგათ. სახლი იყიდეს და სოფლის მეურნეობის გამართვა დაიწყეს.
“ხშირად მესმოდა , რომ ამ დარგის მიმართულებით სხვადასხვა შემოთავაზებები იყო, თითქმის არავინ აქტიურობდა. მე პირველივე შემოთავაზებით ვისარგებლე და კენკროვანი მცენარეების მოშენებით დავინტერესდი. ჩვენს კლიმატურ გარემოს კენკროვანი მცენარეები კარგად ერგებიან და შრომატევადიც არაა. დავწერეთ პროექტი და 15.000 -იანი გრანტი მოვიგეთ. აღნიშნული თანხით სანერგე მეურნეობა გავმართეთ და ნაყოფთან ერთად მაყვალის, მოცხარის, მარწყვის ნერგებსაც ვყიდდით“.
მისი თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, ხშირად სიის დაწერაც უწევს, ყველას რომ გაუნაწილოს. კენკროვანი მცენარეებიდან ტყლაპის დამზადებაც დაბლენდერების მეთოდით სცადა, უეკლო მაყვალისგან გააკეთა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. შემდეგ ტყემლისგანაც მოამზადა და არც მისი გაყიდვა გასჭირვებია. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს – ტყლაპს, ჩირს, ჩურჩხელას, ნიგოზს, მაყვალს, მარწყვს, მოცხარს,სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებულ გამხმარ ჩაის, რომელსაც სპეციალურ საშრობში ამზადებს, ძალიან სწრაფად ჰყიდის. როგორც ამბობს, ოჯახს შემოსავალიც აქვს და გაფართოების გეგმებიც.
“მეორე გრანტი – 5000 ლარი “აწარმოე საქართველოს” პროექტიდან მოვიპოვეთ. ამ თანხით ხის სახელოსნო გავაკეთეთ, დანადგარები ვიყიდეთ, სადაც უამრავ რამეს ვამზადებთ. ცოლი და შვილები გვერდში მიდგანან, მარტო ვერც ვერაფერს შევქმნიდი“, -გვიყვება ოჯახის უფროსი.
შემდეგ იყო კიდევ ერთი, ახალი ეტაპი. კოოპერატივების გაერთიანებაში ჩაება, რომელშიც იმერეთის, სამეგრელოს, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 33 წევრი გაერთიანდა. ამის შემდეგ ორგანიზაცია ენპარდის მესვეურებმა, მისი ახალი პროექტი 20 000 -იანი გრანტით დააფინანსეს.
“სულ 40 000 შემეძლო მიმეღო, მაგრამ საქმისთვის მეტი არ მინდოდა. ამიტომ, ამას დავჯერდი. მანქანაც მაჩუქეს, რომელიც მართლა ძალიან მჭირდებოდა პროდუქციის გადასაზიდად“, -ამბობს მეწარმე.
ვახტანგ მუკბანიანს პროდუქციის რეალიზება არა,მაგრამ შენახვა უჭირს, რადგან სამაცივრე დანადგარების შეძენა ძვირი ჯდება და ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
“იმიტომ, რომ კენკროვანის ნაყოფი მალე ფუჭდება, ხანდახან გაყიდვამდე იძულებული ვარ ტყლაპები დავამზადო, მერე ნარჩენებისგან არაყს ვხდი და კონიაკს ვამზადებ“.
ყოველდღიურ შრომასთან ერთად, ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში კულტურის სახლსაც უძღვება და ფოლკლორული ანსამბლ „მიჟე ნარიას” წევრიცაა. ოჯახში ყველა კარგად და პროფესიონალურად მღერის.
“შვილებით ვამაყობ, ოთხივემ ინსტიტუტი დაამთავრა და ყველა მათგანი თავის საქმეში რეალიზებულია. ყველაზე მადლობელი იმ ფაქტის გამო ვარ, რომ ისინი საქართველოს ემსახურებიან, შრომობენ და ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ“,- სიამაყით ამბობს ვახტანგ მუკბანიანი.
ბულეშელი მეწარმე თვლის, რომ სოფლად ცხოვრება და თავის რჩენა ძნელი არ არის – “თუ შუქი და მისასვლელი გზაა, სოფელში ცხოვრება ძნელი ნამდვილად არ არის. როცა ეს ორი მოწესრიგდება, სოფელში ყველა დაბრუნდება! დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ მას, ვისაც შრომა და წარმატება უნდა, ეხმარება”.
მარინე სვანიძე