უკვე მესამე თვეა, რაც, ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, სასკოლო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის ფორმა რადიკალურად შეიცვალა. საჯარო თუ კერძო სკოლებმა მოსწავლეებთან საკონტაქტოდ უამრავი დისტანციური მეთოდის გამოყენება სცადეს. გაააქტიურეს სოციალური გვერდების მუშაობაც და საკუთარ მოსწავლეებს, სოციალური ქსელების მეშვეობით, სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.
“რეგიონული კვირა” დაინტერესდა, რამდენად შედეგიანია მათ მიერ მოფიქრებული ინოვაციური პროექტები და ამართლებს თუ არა დისტანციური სწავლების მეთოდი მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მოლოდინს.
როგორც აღმოჩნდა, ბათუმის N 8 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან მადლობის წერილიც კი მიიღეს, სადაც ისინი მადლიერებას გამოხატავენ მასწავლებლების მიმართ ასეთ რთულ პერიოდში მოსწავლეების სწავლასა და განვითარებაზე ზრუნვისთვის.
“არ შეიძლება, არ დავაფასოთ თანამედროვე გმირები, რომლებიც ჩვენ გვერდით, ჩვენივე შვილების საკეთილდღეოდ, არც ძალ-ღონეს იშურებენ, არც თავს ზოგავენ და საკუთარი მუხლჩაუხრელი შრომის ფასად აკეთებენ მაქსიმუმს მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში. დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამბედაობითა და მისაბაძი შემართებით მომავალს უქმნიან თაობებს და ეს ადამიანები ჩვენი შვილების მასწავლებლები არიან“, – წერია მადლობის წერილში.
განსხვავებული პროექტები მოიფიქრა ბათუმის ერთ-ერთმა კერძო სკოლამ და ის საკმაოდ საინტერესო აქტივობებით გამოირჩევა როგორც შემეცნებითი, ასევე, ხელოვნების მიმართულებით.
აღნიშნულ დაწესებულებაში პედაგოგების ჩართულობა საკმაოდ დიდია. ისინი ცდილობენ, გაახალისონ თავიანთი მოსწავლეები და, მათ სავალდებულო საგნების სწავლების გარდა, სახალისო ვიდეოებსა და სახელოვნებო აქტივობების ვიდეოვერსიებსაც სთავაზობენ, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით არაერთი ნახვა და გაზიარება აქვს.
როგორც ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის”, ბათუმის ფილიალის პიარმენეჯერი, ნანა აბულაძე “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიანთ აღსაზრდელებს როგორც სწავლის ხარისხი, ასევე, განწყობა აუმაღლოს.
“მინდა, პირველ ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ “რეგიონულ კვირას” ჩვენი სკოლის აქტივობების შეფასებისა და აღნიშვნისათვის. მართლაც, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს საზოგადოებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა რესურსი, პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩავრთეთ მასწავლებლები, მშობლები, შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა და საზოგადოებას სკოლის ე.წ. ფეისბუქგვერდზე შეუძლია მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობების ნახვა, რაც, ვფიქრობთ, გაუმრავალფეროვნებთ თვითიზოლაციის პერიოდს. მაგალითად, ბოლო აქტივობაზე მოგახსენებთ – “პროგრესი” და “პროგრესელები” ზრუნავენ ეკოლოგიაზე. ჩვენ გავაკეთეთ ერთგვარი გამოწვევა, დარგე ხე- გაუფრთხილდი გარემოს, რომელსაც ქმნი შენ. ვფიქრობთ, ბევრი აიტაცებს ამ მნიშვნელოვან გამოწვევას, რადგან თითოეული ადამიანის ვალია, მოუაროს და გაუფრთხილდეს გარემოს. მინდა, აქვე მადლობა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს, მოსწავლესა თუ მშობელს, ვინც ამ რთული პერიოდში ძალასა და ენერგიას არ იშურებს, რომ წარმოაჩინოს სკოლა და მისი შესაძლებლობები”, – აღნიშნა ნანა აბულაძემ.
აქვე გთავაზობთ “პროგრესის” მათემატიკის მასწავლებლის, იმედა იაკოვენკოს მიერ შესრულებულ ვაჟა აზარაშვილის ტანგოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს.
ფიქრია დავლაძე