კახეთში კოვიდინფექციის შემთხვევები კვლავ არ ფიქსირდება
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 192 ნიმუშიდან 105 ტესტირების პასუხი კოვიდ 19- ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ნიმუშების აღება “ცხელების ცენტრებიდან” და კარანტინის სივრცეებიდან გრძელდება, ასევე, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მიმდინარეობს მაღალი რისკჯგუფების ტესტირებაც.
ცნობისთვის, კახეთის მხარეში 10 საკარანტინე ლოკაციაზე 473 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 34 პირი რჩება.
კახეთის რეგიონში დღემდე ლუგარის ცენტრში 2407 ნიმუშია გაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფექცია 647 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 372 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 394 პირი რჩება.