ნათია თურნავა: ონის ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში
“ონიჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ცალკეულ მედიასაშუალებებში გამოთქმულ უსაფუძვლო კრიტიკას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის ზემოქმედების შესახებ.
მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები ურტყამენ არა მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, არამედ – მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას.
„ეს არის მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორია, თითქოს, დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაცია. არადა, ეს ფონდი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს იმ მსხვილ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ბიზნესი მარტო ვერ ახერხებს და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად არის ქველმოქმედება, ვიდრე კონკრეტულად ბიზნესი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, არამედ – მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიასა და მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხელისუფლება დიდ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ენერგეტიკა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ამყარებს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ონის ჰესების კასკადს – ეს პროექტი წლებია, არსებობს და, ამდენად, მასში არაფერია სიახლე. უბრალოდ, დღეს დაჭირდა ზოგიერთს მისი გახსენება და გამოყენება თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაცილებით დიდი სამუშაო გაწია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ეს პროექტი არის მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმით წარმოდგენილი. ამისთვის საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს არის სიმართლე, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.