„ყველა შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩატარდა, შეთანხმება იყო 120/30-ზე, ამასთან, ყველა შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი იყო „პოლიტპატიმრების” საკითხი და დღენიადაგ სპეკულირებდნენ ამ თემით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა პროპორციული და მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შეფარდებას 120/30-ზე და იყო ზოგადი დანართი, მეორე განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, რომელსაც ასევე მოეწერა ხელი.
„არც ბოლო შეხვედრაზე და არც მანამდე ყოფილა ის ფაქტი, რომ ვინმე დაეთანხმა მათ პოლიტპატიმრების არსებობაზე. რამდენადაც საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ვერც ვერავინ დაეთანხმებოდა ამაზე. სპეკულაციაა და ტყუილია, რომ ვინმე დაეთანხმა პოლიტპატიმრის გამოშვებაზე და თითქოს თალაკვაძემ და კობახიძემ, და საერთოდ, „ქართულმა ოცნებამ” ეს თავის თავზე აიღო. შეთანხმების მეორე ნაწილში წერია, რომ, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება, აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. აქ არ წერია პოლიტიკური პატიმარი და ვერც ეწერება, არ წერია ვინმეს გათავისულფლება, არანაირი მინიშნებაც არ არის ამათან დაკავშირებით. ახლა გვიმტკიცებენ, რომ აქ რაც წერია, თითქოს, ამისგან 180 გრადუსით განსხვავებულ შეთანხმებაზე იყო იქ საუბარი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ ამ თემის შემოტანაა სწორედ არასათანადო პოლიტიზირება საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში.
„ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და ა. შ. იჯდა და თურმე მათი თანდასწრებით შევთანხმდით იმაზე, რომ „ქართული ოცნება” პოლიტპატიმრებს გამოუშვებდა მაშინ, როცა „ქართული ოცნება” არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას საქართველოში. ალოგიკურ, წარმოუდგენელ რაიმეს ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხზე საუბარი იყო, ქართული ოცნების” გუნდის მხრიდან თანხმობის სახით გაცემული არცერთი სიტყვა, არცერთი წინადადება არ ყოფილა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპეკერმა.
მისი მოსაზრებით, ოპოზიციას შეთანხმებიდან გასვლა სურს და ამის მიზეზად მოაქვთ ეს არარსებული ფაქტი.
„ოპოზიცია რისთვის ემზადება – არჩევნებისთვის, ამ შეთანხმების აღსრულებისთვის თუ არეულობისა და დესტრუქციისთვის, ეს არის მთავარი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, წერტილის დასასმელად კარგი იქნება, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ, დააფიქსირონ, იყო თუ არა „ქართული ოცნების” მხრიდან თანხმობა აღნიშნულ საკითხზე.