ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 სკოლამდელ დაწესებულებაში პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც ცაგერის ა/აიპი სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარინა ბურჯალიანმა განაცხადა, ერთი თვის წინ 269 აღსაზრდელზე 50-ლარიანი პაკეტი გაიცა, ერთთვიანი ვადის ამოწურვისთანავე კი მუნიციპალიტეტის მერიამ და სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების სააგენტომ მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო და ყველა საბავშვო ბაღის თითოეულ აღსაზრდელზე გათვლილი 88 ლარიანი სასურსათო პაკეტებით მოამარაგა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, პროდუქტების გაცემა დღესვე, რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდება და პატარები თავიანთ ულუფას ოპერატიულად მიიღებენ.

“ერთთვიანი ვადის ამოწურვისთანავე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, მეორე ეტაპის ორგანიზებაზე ვიზრუნეთ. განვსაზღვრეთ პაკეტების ღირებულება და სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტების შეძენა, ყველა ბაღი მოვამარაგეთ. თითოეულ სკოლამდელ დაწესებულებაში შექმნილია დაფასოებისა და გაცემის კომისიები, რომლებიც, რეკომენდაციების სრული დაცვით,  მშობლებს  პროდუქტებს გადასცემენ. დღევანდელ პროცესს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე ადევნებდა თვალს და მხარდაჭერისათვის მას მადლობას ვუხდი“, – განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთათვის შერჩეულ პაკეტში გათვალისწინებულია შემდეგი პროდუქტები: საქონლის ხორცი, ყველი, ქათმის ფილე, ორცხობილა და სხვა პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად, ქართული წარმოებისაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები