კლინიკა “ბომონდის“ ე.წ ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტის კვლევის შედეგს ელოდებიან

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცენტრში სამი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, –  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტებიდან ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან ცხელების სიმპტომებით შეიყვანა, მესამე პაციენტი კი, რომელმაც წყლის ნაცვლად, შემთხვევით, სადეზინფექციო ხსნარი დალია, კატასტროფის ბრიგადამ ზესტაფონიდან, „ჯეო ჰოსპიტლის“ კლინიკიდან გადაიყვანა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცენტრი, ამ დრომდე, ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის, ორსულებს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით, Covid19-ის ახალი შემთხვევა ბოლო დღეების განმავლობაში არ გამოვლენილა. რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსზე ექვსი პაციენტი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები