„შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე წყალმოვარდნა დაზიანების საფრთხეს ქმნის“

ინტენსიური ნალექების შედეგად, შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მთიანი მასივის ნაშალი გეოლოგიური კონგლომერატი არქიტექტურული კომპლექსის შენობა-ნაგებობებს დაზიანების საფრთხეს უჩენს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე ზომის ხეობებიდან ჩამოტანილი ინერტული მასალა, სამომავლოდ, მიწის ფართობების ნაღვარევით დაფარვის, წყალმოვარდნისა და დატბორვის საშიშროებას ქმნის. გეოლოგიური ქანების გამორეცხვის საშიშროების წინაშეა გამოცხადების სახელობის ეკლესია, რომლის მიწა-ქვის კონგლომერატის ფერდობი უხვი ნალექით მოვარდნილი წყლის ნაკადის პირველადი ზემოქმედების ქვეშ შეიძლება, მოჰყვეს.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ვიზიტის შედეგად გამოვლინდა, რომ წყალგამტარი არხები ქვაღორღით მთლიანადაა შევსებული და დამცავი გაბიონები ფუნქციას ვეღარ ასრულებენ. მოსალოდნელი საფრთხის პრევენციის მიზნით, ინერტული მასით ავსებული არხების მძიმე ტექნიკით გაწმენდის უზრუნველსაყოფად, სააგენტო დღეს წერილობითი თხოვნით მიმართავს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და მცხეთის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციებს.
ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად უახლოეს დღეებში ჩაერთვება საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში, რომელიც შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ჰიდრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის ადგილობრივ ჰიდროლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას გაითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების დონეზე, უკვე არსებობს სამეცნიერო-საინჟინრო პლატფორმა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთამეურნეობის ინსტიტუტი მონაწილეობს. საქართველოს საპატრიარქოს საბჭოზე წყალთამეურნეობის ინსტიტუტის ჰიდროლოგების მიერ უკვე წარმოდგენილია შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიის „ღვარცოფსარეგულაციო ელასტიური ბარაჟის“ საპროექტო წინადადება, რომელიც წყლის დინენბების მართვის გეგმასა და არსებული არხების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებას გაითვალისწინებს. სამომავლოდ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოფილი გრანტის საფუძველზე თეორიულ ლაბორატორიულ კვლებვებს ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთამეურნეობის ინსტიტუტი განახორციელებს. პროქეტირებასა და ფიზიკურ სამუშაოებს გაეროს სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს წევრი ორგანიზაცია „გარემოს დაცვის ეკო ცენტრი“ შეასრულებს, რომელსაც პრაქტიკული სამეცნიერო სამუშაოების 35 წლიანი გამცდილება აქვს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები