შალვა ოგბაიძე: მე თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება“

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის მიერ თბილისში პარკირების ადგილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმიანი წინადადებები შესაბამის კომისიაზე უნდა წარმოადგინონ, სადაც თითოეული საკითხის განხილვა არის შესაძლებელი.

„განცხადება, რომ დედაქალაქში ავტომობილებისთვის ადგილი არ გვყოფნის, არაფრის მომცემია. თქვენს ადგილას წარმოვადგენდი პრეზენტაციას, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იქნებოდა გაწერილი. დედაქალაქში ყოველდღიურად 615 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად 55-60 ათასით იზრდება ავტოპარკი. როგორ წარმოგიდგენიათ, არსებობს ფიზიკურად ამდენი მანქანის ადგილი?! არსებობს ნაჯერობის ზღვარი, რომლის საშუალებასაც დედაქალაქი იძლევა. მე თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა ზოგად ფრაზას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. პარკირების ადგილები არასოდეს არცერთ ქვეყანას არ ყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება. რაც შეეხება მიწისქვეშა პარკირებას, ჩვენ გვქონდა საუბარი და ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა არავინ მიიღო მონაწილეობა. ასევე თქვენ თუ გეგულებათ ვინმე, ვინც ამ ინიციატივით შემოვა, მე შემიძლია შუამდგომლობა გაგიწიოთ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძის თქმით, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატი როგორც კომისიაში მუშაობის, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მიმართულებით, რათა შედგეს თანამშრომლობა და მივიღოთ შედეგი.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე – იქნება ეს ტექდათვალიერების სრულმასშტაბიანად ამოქმედება, ევროპული სტანდარტების დანერგვა, ტყვიის შემცველი საწვავის ამოღება, ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარება და ა.შ. აი, ესაა საქმე და არა ზოგადი განცხადება, რომ პარკირებისთვის ადგილები არ გვყოფნის, ის ძალიან პოპულისტური და არაჯეროვანია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები