სოფიო ქაცარავა: საქართველოს მთავრობამ შეამცირა კორუფცია და უზრუნველყო მრავალპარტიული ეროვნული თანხმობა საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით
„ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ დებატებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა ახალი კორონავირუსის გამო, თუმცა ეს საკითხი დაბრუნდება სხვა გეოპოლიტიკურ დებატებთან ერთად. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას საქართველოში მივიჩნევთ იმ შანსად, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აძლევს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოდ წარმოჩენისა და მთელს მსოფლიოში სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ პერიოდზე გათვლილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, თავისი სავაჭრო გარიგებით, ამის თვალსაჩინო მაგალითია“, – წერს The Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.
“სიღარიბის დონე გავანახევრეთ, ეკონომიკური შესაძლებლობები გავაფართოვეთ საზოგადოების ყველა მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენმა მთავრობამ შეამცირა კორუფცია და უზრუნველჰყო მრავალპარტიული ეროვნული თანხმობა საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში დემოკრატიის მტკიცე კონსოლიდაციას ისახავს მიზნად. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია და მცირედით ჩამორჩება მე-7 ადგილზე მყოფ გაერთიანებულ სამეფოს, თუმცა წინ უსწრებს 23-ე ადგილზე მყოფ შეერთებულ შტატებსა და 27-ე ადგილზე მყოფ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს”, – წერს ელჩი და დასძენს – “ვიცი, რომ ზოგისთვის „გლობალური ბრიტანეთი“ შეიძლება, ბევრჯერ მოსმენილი სლოგანი იყოს, თუმცა – მენდეთ – საქართველოსა და მსგავსი ქვეყნებისთვის ამას რეალური მნიშვნელობა გააჩნია”.
სოფიო ქაცარავას თქმით, ეს არის ბრიტანეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის დასაწყისი.
„რა თქმა უნდა, იქნება გამოწვევები (ყველაზე აქტუალური დღევანდელი პანდემიაა), თუმცა დიდი შესაძლებლობებიც იარსებებს. ამ პანდემიიდან გამოსვლის გზებს რომ ვსახავთ და ეკონომიკური ზრდის, ღია ვაჭრობისა და თანამშრომლობის დაბრუნებას ვცდილობთ, აუცილებელი იქნება ჩვენი – მოკავშირეების – ერთად მუშაობა ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკის ასამუშავებლად. მოუთმენლად ველი ბრიტანელ მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად საქმის ჩემი წილის შესრულებას, რათა ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ”, – წერს სოფიო ქაცარავა.
სტატია იხილიეთ ლინკზე – https://www.telegraph.co.uk/politics/2020/05/06/global-britain-brings-hope-small-countries-russias-shadow/
ცნობისათვის, სოფიო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად 2020 წლის აპრილში დაინიშნა.