ჰააგაში კარანტინის გამო მასობრივი პროტესტია – ათობით დაკავებულია
ნიდერლანდების პოლიციამ ჰააგაში მიმდინარე აქციის ათობით მონაწილე დააკავა, რომელიც საკარანტინო ზომებს აპროტესტებდა.
როგორც გამოცემა NL Times-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაკავებულია 30-ზე მეტი პირი, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია მოყვანილი.
ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ დემონსტრაციის დროს შესაბამისი ინსტრუქციები დაცული არ ყოფილა.
მათი თქმით, ქალაქის მერმა აქციის ჩატარების ნებართვა იმ პირობით გასცა, რომ 1,5 მეტრის დისტანცია იქნებოდა დაცული. პოლიციამ ხალხის დაშლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და სოციალური დისტანცირების დაცვა შეუძლებელი გახდა.
ნიდერლანდებში კორონავირუსით 41 285 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 5 184 პაციენტი, 138 კი განიკურნა.