იტალიის პრემიერი: რუსეთიდან მიღებული დახმარების მიუხედავად, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა
იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ჩინეთიდან და რუსეთიდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების შემდეგ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა.
ამის შესახებ კონტემ აშშ-ის თავდაცვის უწყების, მარკ ესპერის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ თქვა, – წერს La Stampa.
“იტალიამ მძიმე ვითარების დროს დახმარებისთვის ბევრ ქვეყანას მიმართა და მიიღო ის. მათ შორის იყვნენ ჩინეთი და რუსეთი. ამ დახმარებას გამჭვირვალედ ვიყენებდით როგორც ჩვენი მოსახლეობის, ისე – მოკავშირეების დასანახავად”, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
მისივე თქმით, იტალიამ 100 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება აშშ-განაც მიიღო.
“რაც შეეხება გეოპოლიტიკას – შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი დღევანდელი საგარეო პოლიტიკა გუშინდელის იდენტურია. ჰუმანიტარული დახმარება – ერთია, მაგრამ ალიანსი – სულ სხვა. და ეს არ განიხილება. ჩვენ ვიყავით და ვართ ევროპის და ევროატლანტიკის ორბიტაზე”, – განმარტა იტალიის პრემიერმინისტრმა.
La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარკ ესპერმა თქვა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ევროპაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად კორონავირუსის აფეთქებით ისარგებლეს და ნატო-სა და ევროპაში განხეთქილების შეტანა სცადეს.