დეზინფორმაცია და პროპაგანდა – პანდემიის ფონზე რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას კვლავ თავს ესხმის
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კვლავ რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა. მისი თქმით, მოსკოვმა ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ იცის.
გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოხმაურება ჩინურ მედიაშიც მოჰყვა. ჩინურმა გამოცემამ, Xinhuanet-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 29 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ს მოუწოდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული მისი ბიოლაბორატორიის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება სერიოზულად მიიღოს და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვას. გამოცემის ცნობით, პრესსპიკერმა ამის შესახებ ბრიფინზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანალოგიურ საკითხზე შეშფოთება გამოხატა. ამასთან, Xinhuanet-ის ცნობის მიხედვით, უცხოურმა მედიამ ასევე გამოააშკარავა, რომ ასეთ ლაბორატორიებს მთლიანად აშშ მართავს და მისი თავდაცვის სამინისტროს მითითებაა, შეისწავლონ საშიში დაავადებები მიზნობრივად, ადამიანთა სპეციფიკურ ჯგუფებში ან ჩაატარონ კვლევითი პროექტები, რომლებიც აშშ-ში აკრძალულია.
ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც ჩინეთის მედიასაშუალებებში სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა.
„შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ იგი ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის, სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით. აღინიშა, რომ პანდემიის დაწყებიდან ხდება ქართველი და ჩინელი ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის სამსახურების მუდმივი კონტაქტი და ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ინფორმაციების, კვლევის შედეგებისა და მკურნალობის მეთოდების აქტიური გაზიარება“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა. როგორც ელჩმა განაცხადა, ყველამ დაინახა ლუგარის ლაბორატორიის შესანიშნავი საქმიანობა
დიაგნოსტიკური ტესტირების, ასევე, საზოგადოებისა და ხელისუფლების სწორი სამედიცინო ინფორმირების საქმეში, რის შედაგადაც ქართველმა ხალხმა გონივრული გადაწყვეტილებებით კორონავირუსის შეკავება შეძლო.
„ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რასაც ვკითხულობ, რომ ჰაკერები და სხვა უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას, როდესაც ისინი იღწვიან იმ პანდემიის გასაკონტროლებლად, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის.
ვფიქრობ, ყველამ დაინახა ქართველების დაქვემდებარებაში არსებული და ქართველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მართული ლუგარის ლაბორატორიის შესანიშნავი საქმიანობა დიაგნოსტიკური ტესტირებისა და საზოგადოებისა და ხელისუფლების სწორი სამედიცინო ინფორმირების საქმეში, რის შედაგადაც ქართველმა ხალხმა გონივრული გადაწყვეტილებებით შეძლო ვირუსის შეკავება. ასე რომ, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა არის, უბრალოდ, ტყუილი და უპასუხისმგებლობა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ამას ვხედავ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აღნიშნულ საკითხს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.
პრეზიდენტის განცხადებით, ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობად აღიქმება.
„ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.
დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე, როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა, ჩვენს დაფასებასა და მადლიერებას იმსახურებს. ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.
სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე ბრალდებები იმის გამო ისმის, რომ საქართველომ ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ გზა აირჩია.
„მორიგი პროვოკაციული განცხადებაა ჩვენი მეზობლისგან, რომელიც ჩვენთვის ახალი არაა. მოგეხსენებათ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური თუ სხვადასხვა მიზნით, პერიოდულობით ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება ამ ტიპის განცხადებები და არც თუ პირველია ქალბატონი ზახაროვას ასეთი განცხადება. ერთი და იგივე ნარატივია სულ. მთავარი ბრალდებაა, საქართველო რატომ არის აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს.
ეს არის მთავარი არსი ამ განცხადებებისა. მე არ ვიცი, ამაში როგორი შურია – თეთრი, შავი, რუხი თუ რა, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ „უფროსი ძმის“, რომელიც განაწყენებულია, საქართველომ რატომ აირჩია ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ გზა. აი, ამასთან არის დაკავშირებული ეს განცხადებები და ბრალდება ლუგარის ლაბორატორიაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას წლების განმავლობაში საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება- ლაბორატორიის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია.
რატომ ხდება მუდმივად ლუგარის ლაბორატორია რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე – ამ საკითხის შესახებ მედიაჰოლდინგი „კვირა“ ანალიტიკოსებს ესაუბრა.
კონფლიქტოლოგის, ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსეთის მიზანი ქართული მხარისა და მისი პარტნიორების დისკრედიტაციაა.
„რუსებმა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებების კეთება ტრადიციად აქციეს უკვე. კონკრეტული ფაქტები არ მოჰყავთ. ზოგადად ლაპარაკობენ, რომ ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით ხდება ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა. ძირითადად, ალაპარაკებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს, იმათ უშიშროებას, ხანდახან მაღალი დონის ჩინოვნიკი, ისეთი – როგორიცაა ზახაროვა, აკეთებს ხოლმე კომენტარს ან განცხადებას ამის თაობაზე.
მათი მიზანია ქართული მხარის, მისი პარტნიორების მუდმივი დისკრედიტაცია.
თავად რუსეთსაც აქვს, დაახლოებით, 50-მდე ასეთი ტიპის ლაბორატორია და ვირუსის გავრცელების პრობლემა მათთან უფროა, ვიდრე – ჩვენნაირ ქვეყანაში. მოხდა კიდეც ასეთი რამ, გასულ წელს ნოვოსიბირსკთან უცებ დაიწყო საეჭვო ინფექციური ბუმი. ლოკალიზება მოახერხეს, მაგრამ, როგორც დამოუკიდიებელი რუსი ექსპერტები ამბობენ, ეს იმის გამო მოხდა, რომ იქაური ლაბორატორიიდან რაღაც სასიკვდილო ვირუსმა გაჟონა“, – აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, რუსეთი ამ პროპაგანდას იყენებს, როგორც შიდა მოხმარებისთვის – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა ცნობიერებაზე მუდმივი მოქმედების საშუალებად, ასევე, საერთაშორისო მიზნითაც.
„თუ იმ ვერსიას ავიღებთ, რომ ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა ცნობიერებაზე მუდმივი მოქმედების საშუალება, ეს ასეა. ახლა რომ დააკვირდეთ სოციალურ ქსელებს, გინდათ – ოსურს, გინდათ – აფხაზურს, ნახავთ, იქ ხშირად ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ლაბორატორიიდან მოხდება ვირუსის გავრცლება. რუსეთში რომ არ იყოს პანდემიის ასეთი მასშტაბი, მაშინ მთლად ჩვენ დაგვაბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ უჭირთ თითის გამოშვერა აქეთკენ. ახლა სარგებლობენ იმით, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია. აფხაზებისა და ოსების სოციალურ ქსელებს რომ გადახედოთ, ნახავთ, იქ ისეთი ტექსტებია – საქართველში თავად დააინფიცირეს თავის მოქალაქეების მცირე რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენთვის თვალი აეხვიათ, სინამდვილეში, იქედან მოდის ეს ვიურსიო. ეს სიბრიყვეა. სოციალურ ქსელებში ამ აზრს ზოგიერთი იქაური ადგილობრივიც წინააღმდეგობას უწევს, ვინც მოაზროვნეა. ამ თვალსაზრისით, ეს პროპაგანდა შიდა მოხმარებისაა.
ზოგადად, საგარეო მოხმარებისაა უფრო მეტად, აქაა აშშ-ის დადანაშაულება. ახლა სერიოზული ომია დიდ სახელმწიფოებს შორის იმის თაობაზე, თუ საიდან გავრცელდა ვირუსი – ჩინეთიდან, ქმერიკიდან თუ რუსეთიდან, სამივე ვერსიას აქვს არსებობს საფუძველი, რომ სამივე მხარემ სხვადასხვა ფორმით მიიღო ამაში მონაწილეობა. ამის დამამტკიცებელი საბუთები არ არის და რადგანაც არ არის, პროპაგანდისტულ პოლიტიკას ამაზე აგებენ”, – განაცხადა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
ანალიტიკოსი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც რუსეთს საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია სურს. როგორც ანალიტიკოსმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთს საქართველოს ნებისმიერი წარმატება აღიზიანებს.
„ლუგარის ლაბორატორია რამდენად კარგ საქმეს აკეთებს ჩვენს ქვეყნაში, ეს დამტკიცდა. სწორედ იქ ხდება ტესტების შემოწმება, კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევა. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ წარმატებულად აკეთებენ ამ ყველაფერს, ვინაიდან მათი ტესტები არის უშეცდომო. ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს.
რაც შეეხება რუსეთს – თუ გახსოვთ, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს. რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ლუგარის ლაორატორიის წინააღმდეგ “შავი პიარი” აეგორებინათ. ამის ორ მიზეზი არსებობს: ერთი ის, რომ ცენტრი თავის დროზე სენატორ ლუგარის ინიციატივითა და ჩვენი სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ,ემსახურება მიზანს, რომ აქ ჩატარდეს სამედინიცნომ ხასითის კვლევები, მოხდეს დაავადებების პრევენცია. ამერიკელების დახმარებით შეიქმნა ეს ცენტრი, რაც რუსეთს ყოველთვის აღიზიანებს და მეორე: როგორც ჩანს, აღიზიანებთ ნებისმიერი წარმატება, რაც საქართველოში ხორციელდება. რატომღაც მიჩნეული აქვთ, რომ საქართველოს ნებისმიერი წარმატება მათი ხელისუფლების იმიჯზე ცუდად აისახება.
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჯერ კიდევ შარშან, როცა ამ პიარის აგორება დაიწყო, კარასინი-აბაშიძის ფორმატი საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და აბაშიძემ გააკეთა საკმაოდ კარგი დიპლომატიური განცხადება, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შესთავაზა, ჩამოსულიყვნენ და ენახათ რას აკეთებს ლაბორატორია. რა თქმა უნდა, ამაზე გამოხმაურება არ ყოფილა“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრია.
თამუნა შეყილაძე