დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაცია, გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაცია, გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბუხანსანისა და სეორაქსანის ეროვნული პარკები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ მართვის თანამედროვე მიდგომებს, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის მიმართულებებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კორეის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უწყების შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა სატელიტური მონიტორინგის სისტემების, ვიზიტორთა მართვის ინოვაციურ პრაქტიკის, ბუნებრივი კატასტროფებისა და უსაფრთხოების მართვის მექანიზმების, ასევე გადაშენების პირას მყოფი სახეობების აღდგენის პროგრამების საკითხები განიხილეს.
ქართული დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ყაზბეგის ეროვნული პარკის კუთხე. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, საქართველოს და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა მემორანდუმი ყაზბეგისა და ბუხანსანის ეროვნული პარკების დამეგობრების შესახებ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პარტნიორობის ფარგლებში, კორეის მხარემ სააგენტოს მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია და სხვადასხვა პერიოდში გადასცა სახანძრო მანქანები, მაღალტექნოლოგიური დრონი, რაციები და სხვა სპეციალური აღჭურვილობა, რაც აძლიერებს დაცული ტერიტორიების მართვის შესაძლებლობებს.