გია ხუხაშვილი: დღეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი, მართლაც ასეა

“დღეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. მართლაც ასეა, რაც შემთხვევითი არ არის. დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

რაც შეეხება ოპოზიციას – ხუხაშვილის თქმით, როცა ოპოზიციონერი ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის კრიტიკას იწყებს, ეს საზოგადოების უკურეაქციას იწვევს, ხალხს კი პოზიტიური გზავნილები სჭირდება.

“სისტემურად ქვეყნის გახსნის დაწყებას ივნისში უნდა ველოდოთ, თუმცა ზუსტად რამის თქმა, ძნელია. ვფიქრობ, ზოგი აკრძალვა შეიძლება მანამდეც მოიხსნას, მაგრამ პროცესების სისტემურად აღდგენა ივნისამდე ვერ დაიწყება, ყველაფრის სრულად ამუშავებას კი, ალბათ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. რაც შეეხება იმას, როგორი იქნება პოსტკორონავირუსული პერიოდი, ამ ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეს ძალიან ბუნდოვანია. საქმე ის არის, რომ, ჩემი აზრით, რაც ჩვენ მთავრობისგან მოვისმინეთ, ვერაფრით ჩაითვლება ეკონომიკის სტიმულირების გეგმად. ხელისუფლებამ წარმოადგინა სოციალური ნაწილი, რომელზეც არ შევჩერდები. მეც მგონია, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი დახმარება საკმარისი არ არის, მაგრამ რეალობა ასეთია – ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფო ბიუჯეტს მეტი სოციალური ტვირთის აღება არ შეუძლია.

რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას… ჯერ გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია, მერე – ნათია თურნავამ. დიდი ყურადღებით მოვუსმინე ორივეს და მიმაჩნია, რომ მათ რეალურად არცერთი ანტიკრიზისული იდეა არ წარმოუდგენიათ. ფაქტობრივად, რაზეც გველაპარაკნენ, არის კარგად დავიწყებული ძველი, ანუ მტვერი გადაწმინდეს უკვე გაცხადებულ ინიციატივებს და წარმოგვიდგინეს, როგორც ანტიკრიზისული. ვგულისხმობ თუნდაც დღგ-ის­­ დაბრუნებას, რაც იყო ბახტაძის პრემიერობის დროსაც. მეორე, რაზეც გველაპარაკებიან, ისევ და ისევ არის ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები, რაც, ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, წყალში გადაყრილი ფული იქნება, რადგან ტურიზმის პერსპექტივა 2022 წლამდე მაინც ძალიან ბუნდოვანია. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ კაცობრიობამ მიიღო სერიოზული სოციალური სტრესი და ამ სტრესის ფონზე საერთაშორისო ტურიზმის მასშტაბი, ალბათ, განახევრდება. ადამიანები სტრესის მოლოდინში იქნებიან და, ბუნებრივია, ბევრს ვეღარ იმოგზაურებენ. მეორე მიზეზი კი არის ის, რა დღეშიც აღმოჩნდა ტურისტული ნაკადის ძირითადი ნაწილი – საშუალო ფენა, რომელმაც შინ ჯდომისას ტურიზმისთვის განკუთვნილი რეზერვი უკვე დახარჯა. ვფიქრობ, რომ მომავალი წელი იქნება წელი შვებულებების გარეშე. ასე რომ, ტურიზმზე ყურადღების გამახვილება, რაღაც გაიდლაინებსა და პირბადიან ტურიზმზე ლაპარაკი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და პროპაგანდაა. მოკლედ, ის, რაზეც ხელისუფლება გველაპარაკება, არ არის ეკონომიკის აღორძინების გეგმა. ვფიქრობ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს საშუალო და წვრილ ბიზნესში გვაქვს, ამ რესურსების დახარჯვა უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა.

რაც შეეხება იმას თუ რა არის აუცილებელი ეფექტიანი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად – იმისთვის, რომ დაავადებას წარმატებით უმკურნალო, თავდაპირველად დიაგნოზი უნდა დასვა სწორად. რა არის დღეს საშუალო და წვრილი ბიზნესის რესტარტის მთავარი პრობლემა? ის, რომ ეს სეგმენტი, ძირითადად, მუშაობს კრედიტებით, დღეს კი, როცა გაჩერებული არიან, საბანკო პროცენტი მაინც ერიცხებათ. ამასთანავე, შექმნილი ფორსმაჟორის გამო ბევრმა გადასახადები ვერ გადაიხადა და ამ გადასახადებთან ერთად მათ უგროვდებათ სახელმწიფოს ვალი ჯარიმა-საურავების სახით. აი, ასეთია ვითარება და როდესაც რესტარტის დრო დადგება, საბანკო კრედიტების მომსახურებისა და ჯარიმა-საურავების ტვირთი შეიძლება ისეთი მძიმე აღმოჩნდეს, რომ ისინი სულაც გაკოტრდნენ. ხელისუფლებას თუ სურდა, ეკონომიკას დახმარებოდა, ბანკებთან ერთობლივი მუშაობით სწორედ წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის უნდა შეემსუბუქებინა ეს ტვირთი. ისიც საკითხავია, ფორსმაჟორისას სამართლებრივად სწორია თუ არა საგადასახადო დავალიანების დაგროვება ადამიანისთვის, რომელსაც საქმიანობა თავისი ნებით არ შეუწყვეტია! ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, სასამართლოშიც იბრძოლონ და სახელმწიფო გადასახადების გადახდა შეაჩერონ, მაგრამ სახელმწიფომ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს. ის ბიზნესის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს და ბანკებთან ერთად შეძლოს კონტრპროექტის განხორციელება. მხოლოდ ვალების გადავადებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ კრიზისის პერიოდში გარკვეული ტიპის გადასახადებზე არდადეგები უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, როცა რესტარტის დრო დადგება, კომპანიებს მუშაობის განახლებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ საწყისი კაპიტალი, რომელიც მათ უნდა მიიღონ შეღავათიანი პირობებით, ანუ ე.წ. იაფი ფულის სახით იმ პირობით, რომ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ასეთი გეგმა, თანაც – ზუსტი სეგმენტების გამოყოფით, ხელისუფლებას უკვე შემუშავებული უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, ეს ღონისძიებები შეეხება მხოლოდ საშუალო და წვრილ ბიზნესს და არამც და არამც – დიდ კომპანიებს, რომელთაც აქვთ საკმარისი რესურსები, რომ საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვარონ.

ჩვენი პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ პროცესს ყოველთვის რეიტინგებით ზომავს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან რეიტინგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასტაბილური პარამეტრია, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში დაემხოს. სტაბილურია მხოლოდ ავტორიტეტი. შეიძლება ვიღაცას ნეგატიურად აფასებდნენ, მაგრამ მას ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური წონა. დღეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. მართლაც ასეა, რაც შემთხვევითი არ არის. დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია, მაგრამ ამის ახსნა იოლად შეიძლება – დღეს ადამიანები საკუთარ განწყობას შიშსა და მოლოდინზე აფუძნებენ. სიკვდილის შიში, რაც დღეს ამ პანდემიის გამო დომინირებს, ადამიანებს ლოიალურად განაწყობს მათ მიმართ, ვისზეც დამოკიდებულია პროცესის მართვა, ანუ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორც კი სიკვდილის შიში უკან იხევს და წინ იწევს შიმშილის შიში, მაშინვე ჩნდება აგრესია, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დღევანდელი ვითარება, როცა საზოგადოება ყველა მათ გზავნილს ლოიალურად ხვდება, სამუდამოდ გაგრძელდება. ასე არ იქნება. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არჩევნებამდე 60 დღე უნდა გავიდეს და ეს 60 დღე შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ხელისუფლებას ყველაფერი თავზე დაემხოს, თუ მან პოსტკრიზისული რეალური ღონისძიებები არ გაატარა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მას აქვს ორი პრობლემა. პირველი ის, რომ დაიღალნენ შინ ყოფნით და უნდათ, რაღაც აკეთონ, თუმცა მათი ეს ნეგატიური ფაფხური არაფრის მომცემია. როცა ოპოზიციონერი ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის კრიტიკას იწყებს, ეს საზოგადოების უკურეაქციას იწვევს. ვფიქრობ, დღეს ხალხს უფრო პოზიტიური გზავნილები სჭირდება.

დღეს ოპოზიცია სპეციალისტებს ჭკუას კი არ უნდა ასწავლიდეს, ტესტირება როგორ ჩაატარონ ან როგორ მართონ პროცესი, არამედ უნდა ლაპარაკობდეს საკუთარ გეგმებზე, პოსტკრიზისული ვითარებიდან თავის დაღწევის მათეულ შეხედულებებზე. დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების კრიტიკა არაფრის მომცემია. პოლიტიკაში სტრატეგიული მოთმინება უმნიშვნელოვანესია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი სულსწრაფია”, – აცხადებს ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები