ვიქტორ იანუკოვიჩი სამუშაო ადგილს უბრუნდება

  უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ავადმყოფობის შემდეგ სამუშაო ადგილზე ბრუნდება. პროტესტის მონაწილე ოპოზიცია მის გადაყენებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და დაშლას არ აპირებს. კვირას მაიდანზე ოპოზიციის ლიდერებმა, საზოგადოებრივი აქტივისტების მონაწილეობით, მრავალრიცხოვანი “ინფორმაციული მიტინგი” ჩაატარეს.
ცნობილი გახდა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, “ავტომაიდნის”ლიდერმა, სასტიკად ნაცემმა დიმიტრი ბულატოვმა ქვეყანა დატოვა და სამკურნალოდ ლიტვაში გაემგზავრა, რაც მისმა თანამებრძოლებმა გაახმაურეს. როგორც პარტია “უდარის” ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ბულატოვი რიგაში იმყოფება და იქიდან ვილნიუსში გადასვლას აპირებს. ეს ინფორმაცია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ლიტვა პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მაიდანზე დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება გაუწია და 15 ათასი ევრო გამოყო მათი მკურნალობისთვის. ბულატოვს სამედიცინო დახმარებას გერმანიაც სთავაზობდა. უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები, დეპუტატ პეტრ პოროშენკოზე დაყრდნობით, აცხადებდნენ, რომ კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა აქტივისტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. „საქმე დახურულია, ბულატოვი თავისუფალია და მას შეუძლია ახლავე გაემგზავროს აეროპორტში და წავიდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ”,- განუცხადა ჟურნალისტებს პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები