ჯეიმს აპატურაი: ნატო საქართველოს “ჰიბრიდულ თავდაცვაში” ჩართავს

“ნატო საქართველოს „ჰიბრიდულ თავდაცვაში“ ჩართავს, საუბარია იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, მაგალითად, კიბერთავდასხმებს ან დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბლოკადას, შენიღბულ სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობას”, – ამის შესახებ საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს, მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს.

“პირველი, საქართველო არის ნატო-ს არაწევრი იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებთანაც მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველოსთან ეს თანამშრომლობა ნამდვილად საუკეთესო და სამაგალითოა და ჩვენ მისი გაღრმავება გვსურს. მეორე მიზეზი არის ის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა – საქართველოსთვის, უკრაინისა და ნატო-ს წევრებისთვისაც. ამის მიზეზი არის რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთმა ყირიმი გამოიყენა შავ ზღვაში სამხედრო ძალის გასაზრდელად. ეს ახდენს გავლენას როგორც ჩვენზე, ისე – საქართველოზე და უკრაინაზეც“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ნატო-ს სურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, შავი ზღვის კონტექსტში.

“ჩვენ ჩავრთავთ საქართველოს უფრო მეტ აქტივობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ჰიბრიდულ თავდაცვას“. საუბარი მაქვს იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს – კიბერთავდასხმებს ან დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბლოკადას, შენიღბულ სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობას. ყველა ამ ხერხს ჩვენ განვიხილავთ ერთი პაკეტის ნაწილად. ამ საკითხზე უკრაინასთან და საქართველოსთან ვმუშაობთ. განვამტკიცებთ თანამშრომლობას, რომ თავი ამგვარი საფრთხეებისგან დავიცვათ”, – აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, რომ საქართველოს ჰქონდეს სამეზობლო საჰაერო სივრცის უკეთესი, გაუმჯობესებული სურათი.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელშიც საქართველოს ჩართვა გვსურს. ეს არის „საჰარეო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა“, რომლის საშუალებითაც საქართველო უკეთესად აღიქვამს, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში. ახალი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტი არის ქართველებისა და უკრაინელების უფრო მეტი ჩართულობა ერთობლივ სწავლებებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“ და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ ძალიან კარგად მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ იქ მეტ უკრაინელს ვიხილავთ. და ბოლოს, ჩვენი მოკავშირეები, ნატო-ს წევრები განიხილავენ საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში, მათ შორის, რეგიონში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გაწერილი ოთხი მკაფიო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტად ჩაერთოს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები