ენტონი ფაუჩი: “რემდესივერმა” “კოვიდ 19”-ის წინააღმდეგ კარგი შედეგი აჩვენა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პრეპარატმა “რემდესივერმა” კარგი შედეგი აჩვენა და ის COVID-19-ის სამკურნალოდ სტანდარტი გახდება.

მისი თქმით, კლინიკური კვლევის შედეგად, ექიმებმა დაასკვნეს, რომ პრეპარატი პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეფექტურად ეხმარება და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს.

აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩატარებლმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებსაც “რემდესივერს” აძლევდნენ, 31%-ით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე – ის პაციენტები, რომლებსაც პლაცებოთი კურნავდნენ.

თეთრ სახლში ბრიფინგზე ფაუჩიმ აღნიშნული “დიდ გარღვევად” შეაფასა და 1986 წელს შეადარა, როდესაც შიდსის სამკურნალო პრეპარატი გამოიგონეს.

“ეს მკურნალობის სტანდარტი იქნება. მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია”, – თქვა ფაუჩიმ.

ამასთანავე, ექიმმა ფაუჩიმ ისიც თქვა, რომ უკანასკნელი კლინიკური კვლევები ანალიზს ჯერ კიდევ საჭიროებენ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ კვლევაში 1063 პაციენტი მონაწილეობდა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. ის პაციენტები, რომლებსაც “რემდესივერით” მკურნალობდნენ, 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ხოლო პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში – 15 დღეში.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც “რემდესივერს” ღებულობდნენ, გარდაცვალება 8% შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში – 11,6%.

როგორც Reuters-ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში განუცხადეს, კვლევის საბოლოო შედეგი მაისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები