პოლიციამ კახეთში მამაკაცის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა – დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი
პოლიციამ კახეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.პ. ყვარელში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებებად ამოიღო”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.