ირაკლი ჩიქოვანი: სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს შევიმუშავებთ, რომელიც ყოველდღიურად stopcov.ge-ზე გამოქვეყნდება

“ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად stopcov.ge-ზე გამოქვეყნდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, ყველა მოქალაქეს ექნება სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ დაიწყო ფუნქციონირება, ძალიან პროაქტიულად აცნობს საზოგადოებას ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კოვიდ-19ის გავრცელებას და, ასევე, იმ შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, ასევე, სტატისტიკას, რა თქმა უნდა. სტატისტიკა გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას,  იმ მდგომარეობას, თუ რა დახმარებას უწევს ჩვენი სახელმწიფო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ. ყოველივე ამის ერთობლივ ფორმატში მიწოდების მიზნით და პროაქტიულად საზოგადოებისთვის გასაცნობად, ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ, პროაქტიური ინფორმირების მიზნით, პლატფორმა ტელეგრამზე მთავრობას აქვს შექმნილი ოფიციალური საკომუნიკაციო არხი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლის გამოწერის შემთხვევაშიც საზოგადოებამ შესაძლებელია, პირდაპირ რეჟიმში მიიღოს ყველა განახლებული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეპიდემიის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები