როგორ ავიღოთ აგროკრედიტი – გზამკვლევი ფერმებისთვის და არამარტო მათთვის
გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერასთან ერთად, გეგმა ეკონომიკის მთელი რიგი დარგების დახმარებასაც ითვალისწინებს. Covid 19 -საგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. “შეღავათიანი აგროკრედის“ პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, ფერმერი, რომელიც ერთწლოვანი კულტურების (მარცვლეული,ბოსტნეული) მოყვანას გადაწყვეტს, 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხის აღებას შეძლებს. სესხის საპროცენტო განაკვეთ 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
რა პროცენტით არის შესაძლებელი აგროკრედიტის მიღება?
როგორც ირკვევა, აგროკრედიტს გასცემს საქართველოში მოქმედი თითმის ყველა კომერციული ბანკი და დაკრედიტებაზე ორიენტირებული საფინანსო სექტორი. 5-დან 20 ათასამდე უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური განაკვეთი 18%-ს შეაგენს. მოკლედ, თუ გადაწყვეტთ, რომ სოფლის მეურნეობით დაკავდეთ, ერთწლოვანი კულტურები (მარცვლეული,ბოსტნეული…) მოიყვანოთ და სესხის უზრუნველსაყოფათ გარკვეული ქონებაც გაქვთ, მთავრობა ამ სესხის 18%-ს ექვსი თვის განმავლობაში დაგიფარავთ. თუ სესხის უზრუნველყოფა არ შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში, ბანკი სესხს 21%-ად მოგცემთ, საიდანაც 17%-ს სახელმწიფო დაგიფარავთ. დაახლოებით, იგივე ხდება, თუ 20-დან 100 ათას ლარამდე სესხის აღებას გადაწყვეტთ. ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთი 17%-ია, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე ბანკიდან სესხს 20 % -ად აიღებთ, საიდანაც 17 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.
ვინ მიიღებს სესხს, საჭიროა თუ არა ბიზნესგეგმა ან პროექტის წარდგენა?
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რაიმე ბიზნესგეგმა და პროექტი საჭირო არაა. მთავარია, სესხის მისაღებად ბანკში მისულმა პოტენციურმა ბენეფიციარმა ნათლად ახსნას, რის გაკეთებას აპირებს და – სად. სესხის აღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ფერმერის ოფიციალური სტატუსის ქონა აუცილებელი არ არის, თუმცა სოფლის მეურნეობის სააგენტოს ცხელ ხაზე განხორციელებული ზარითა და შესაბამისი კითხვარის შევსებით ამ სტატუსის მიღება მყისიერად ხდება.
როგორ განვსაზღვროთ, რა რაოდენობის სესხი გვჭირდება?
იმ ფერმერებს ან ფერმერობის მსურველებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ, შეუძლიათ, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით ისარგებლონ. როგორც ირკვევა, 1 ჰექტარზე კომბოსტს მოვლა, მოყვანა და აღება, დაახლოებით, 5 ათასი ლარი ჯდება. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს 4 ჰექტარი აქვს, ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ ბენეფიციარი 20-ათასლარიან სესხს აიღებს”, – აცხადებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე.
იზრდება მეცხოველეობის მხარდაჭერაც. ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს” ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს არ ექნება საკმარისი ღირებულების გირაო საკუთარი სესხის უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო მოახდენს სესხის თანხის 50%-ით უზრუნველყოფას.
პროექტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი, რომელიც სასურსათო მრეწველობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო 10%-ით 24 თვის განმავლობაში მოახდენს.
პროექტს ემატება აგროლიზინგის დაფინანსებაც. 24 თვის განმავლობაში სახელმწიფო თანადაფინანსება, ამ შემთხვევაში, 12% იქნება.
დაზღვევა
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობა საკმაოდ დიდ რისკებს უკავშირდება, იქნება ეს უამინდობა, სახადასხვა დაავადება თუ ბუნებრივი კატაკლიზმები. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა სამწლიანი გახდა, ანუ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში.
სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
აღსანიშნავია, რომ დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბენეფიციარი, რომელსაც სურს, რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა, ასევე, ვალდებულია, დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია, მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.
ოფიციალური სტატისტიკით, 2014 წლიდან დღემდე ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.