როგორ მოვიქცეთ, თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი გვაქვს

ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის სპეციალისტი, მკვლევარი მაკა ბულეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრობს.

ბულეიშვილი მოქალაქეებს რჩევას აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

“როდესაც კოვიდ 19-ის დამახასიათებელი თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომები გვაქვს, საქართველოს რომელ კუთხეშიც უნდა ვიყოთ, ვრეკავთ 112-ში. ოპერატორი სპეციალური კითხვარის მეშვეობით ეცნობა ჩვენს მონაცემებს, ჩივილებს. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. შემდეგ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საოჯახო მედიცინის ცენტრთან გვაკავშირებს. ამის შემდეგ გვირეკავს ოჯახის ექიმი. ის სპეციალურად პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობისათვის შექმნილი პროტოკოლის მიხედვით გვისვამს კითხვებს: საქმიანობის სფერო, საეჭვო კონტაქტები, მოგზაურობის ისტორია… ამასთანავე, ექიმი იგებს, ხომ არ გვაქვს ცხელება, ხველება, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, თავბრუს ხვევა, ყელის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, სახსრების ტკივილი… პირველ დღეს ოჯახის ექიმი თქვენს მონაცემებს ეცნობა, გაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს და გაფრთხილებთ,­ თუ კვლავაც რამე შეგაწუხებთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ. მონიტორინგის მიზნით ოჯახის ექიმი პირველი საუბრიდან მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს გიკავშირდებათ და ეცნობა თქვენს მდგომარეობას, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ მესამე დღეს სიმპტომები არ მოიმატებს და არ გართულდება. თუ მესამე დღისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, სხეულის ტემპერატურა ან სისუსტე იმატებს, ოჯახის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, პაციენტი გადაიყვანონ ცხელების ცენტრში. ისევ ვუკავშირდებით 112-ს, რის შემდეგაც ავადმყოფი ცხელების ცენტრში გადაჰყავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ცხელების ცენტრში გადადის, კორონავირუსით არის ავად. ცხელების ცენტრში ტარდება სკრინინგი და PCR-ტესტი. დღესდღეობით ეს ტესტი არის ყველაზე სანდო. თუ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი, ის იწყებს შესაბამის მკურნალობას სპეციალურ კლინიკაში, ხოლო თუ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, პაციენტს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. თუ ბინაში ამის საშუალება არ აქვს, მაშინ ის სპეციალურ საკარანტინე ზონაში გადაჰყავთ. ვინც ცხელების ცენტრში ხვდება, ყველას უტარდება ტესტირება, ბევრ ადამიანს აქვს სიცხე სტრესის ფონზე. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, აღენიშნებათ კუნთების საერთო სისუსტე, თვალიდან გამონადენი, ფაღარათი,­ ბოლოს ქვედა კიდურებზე გამონაყარი და სისხლჩაქცევებიც გამოუვლინდათ. ამ სიმპტომებიდან საქართველოში ავადმყოფებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ჰაერის უკმარისობა და ტემპერატურის მატება, ძალიან ბევრი კი ასიმპტომურია. ასიმპტომურ ფორმების ძიება, ძირითადად, კლასტერების მეშვეობით ხდება, კონტაქტების, ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე. უკეთეს შემთხვევაში, ასიმპტომურად, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება გართულებულ ფორმას – პაციენტები აღნიშნავენ, რომ სუნთქვისას თითქოს ფილტვებში აქვთ შუშის მსხვრევის შეგრძნება და გრძნობენ ჰაერის უკმარისობას. შეიძლება, ასიმპტომური იყოს ადამიანი, ჩივილების გარეშე, მეორე დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდეს. ამიტომ არის საჭირო, რომელიმე სიმპტომის შემთხვევაში, აუცილებლად დარეკოთ 112-ზე. ვირუსი უპროგნოზოა, მაგრამ მართვა ყველა ეტაპზე, ასე თუ ისე, ვისწავლეთ,­ შევეგუეთ. რაც შევძელით, ამაზე მეტი ამ პატარა და ღარიბ ქვეყანას რა უნდა გაეკეთებინა? ზესახელმწიფოები და უმდიდრესი ქვეყნებიც კი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ჩვენთან კი განსაკუთრებით ექიმებმა იმარჯვეს და სწორი ნაბიჯები გადადგეს. რა და როგორ იქნება მომავალში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ვირუსი დარჩება, თუმცა – შემთხვევათა მკვეთრად შემცირებული რაოდენობით. ადამიანები ისწავლიან მასთან ერთად ცხოვრებას. ვერ ვიტყვი, დაცხება და ვირუსიც მოკვდება-მეთქი, თუმცა იქნებ დათბობასთან ერთად ცოტა ხანს მაინც მოგვეშვას. დათბობასთან ერთად ადამიანი უფრო ძლიერდება, მეტი ხილ-ბოსტნეული შემოდის, კვებაც ჯანსაღი ხდება, ამიტ­ომ შეიძლება უფრო ადვილად მოვერიოთ. ამასობაში, ალბათ, პრეპარატიც შეიქმნება. თანდათან, ალბათ, შეგვიმსუბუქდება ცხოვრება, შეზღუდვები მოიხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. წესები, რომელთაც ახლა ვიცავთ, კვლავ უნდა დავიცვათ, თავყრილობები, ხშირი შეხვედრები და ჩახუტება ცოტა ხანს უნდა დავივიწყოთ”, – განმარტა ბულეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები