ე.წ.სამხრეთ ოსეთში საკარანტინო ზომები შეასუსტეს – მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები, მაღაზიები და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა ობიექტები

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შემზღუდავი ზომები 30 აპრილამდე გაახანგრძლივეს.

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ “კარანტინი სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს”, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მუშაობას განაახლებენ ვაჭრობის ობიექტები, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური და სპა-სალონები, მასაჟის სალონები, სოლარიუმები, ავტომობილების პროფილაქტიკები და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, მათ შორის, ატელიე, ფეხსაცმლის სახელოსნოები და სხვა ობიექტები.

ამასთან, ობიექტებმა შენობების დეზინფიცირება უნდა უზრუნველყონ, ასევე, ადამიანების მასობრივი თავშეყრა აირიდონ.

დაკეტილი რჩება რესტორნები, კაფეები, აუზები, გასართობი ცენტრები და სპორტული სექციები, საბავშვო ატრაქციონები.

გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები