ტიტე აროშიძე: სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს

“სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება”, – ამის შესახებ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

ტიტე აროშიძე, შუახევის მერთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში აგრო-მაღაზიის მუშაობის პროცესს გაეცნო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მისი თქმით, ამჟამად, მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

,,იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და მოსახლეობას აგროქიმიკატების მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კოორდინაციაზე. მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის დამყარდეს’’, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებში შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე მოქალაქეები იმოძრავებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები