ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალების დღის წესრიგი მთლიანად დესტრუქციაზეა აგებული, თუმცა აქციის დასაორგანიზებლად მათ რესურსი არ აქვთ

“რადიკალების დღის წესრიგი მთლიანად დესტრუქციაზეა აგებული, თუმცა აქციის დასაორგანიზებლად მათ რესურსი არ აქვთ,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ თავს რომ საბოლოოდ პოლიტიკურ სამარეს უთხრის ეს უკვე სახეზეა.

„ამ ე.წ. ოპოზიციაში რა ერთიანობაც არის ყველამ კარგად ვნახეთ. სრული აღრევაა და ეს სრული აღრევა მოდის იქიდან, რომ თავის დროზე ამ ადამიანების ჯგუფმა უარი თქვა დემოკრატიულ პროცესზე – არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენებაზე. უარი განაცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და დარჩნენ აქცია-სანქციის იმედად. თუ შევხედავთ იგივე „უილსონების“ და გარე აქტორების ქმედებებს, არის ერთ უნისონში გამოყვანილი უბადრუკი პოლიტიკური ფორმულა. იმიტომ, რომ მათ რასაც ჰქვია დემოკრატიული საქმე, დემოკრატიული ალტერნატივა, რასაც ჰქვია არჩევნები, ხალხის მხარდაჭერა არჩევებზე, უკეთესის შეთავაზება, ამისგან აბსოლუტურად ცარიელები არიან. არა თუ ინტელექტუალური, უკვე მორალური ძალაც არ გააჩნიათ. ამიტომ მთლიანად გადასული არიან დესტრუქციაზე. მათთვის განმსაზღვრელი არის სანქცია.
მათთვის სანქცია არის ერთ-ერთი წამალი. ეს სანქცია მათ იციან, რომ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ უნდა განხორციელდეს, ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ. ეს არის ამ აგენტურული შინაარსის მქონე ოპოზიციის მდგომარეობა. მათი მზაობა არავითარ შემთხვევაში ვერ გადაიზრდება ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში. საკუთარ თავს რომ საბოლოოდ პოლიტიკურ სამარეს უთხრიან ეს უკვე სახეზეა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები