ჩიქოვანი: შსს-ს წარმომადგენლები 24 -საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ადამიანებმა, რომელთაც ავტომობილების შეზღუდვა არ ეხებათ, ბოროტად არ ისარგებლონ

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმ დაწესებულებებისა და პირების ჩამონათვალი განმარტა, რომლებზეც საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე, რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24 -საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ.
„საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გვინდა, განვმარტოთ, თუ ვინ სარგებლობს დღეს იმ ნებართვებით, რომელიც მათ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არის ხელშეუხებელი და ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა შესაბამისი ნებართვის დაშვება ამ კონკრეტულ პირთა წრისთვის.
აღნიშნული ნებართვები აქვს – საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი”) გაწევის მიზნით თანამშრომლები:
მაგალითისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ მუშაობას აფთიაქები, რომელთაც აქვთ გადაადგილების ნებართვა და რომელთა რაოდენობა გახლავთ 2 835, მათ შორის 4 დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც აქვს 901 ობიექტი.
რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, ქვეყანაში ნებართვით ფუნქციონირებს 5000 -ზე მეტი სასურსათო მაღაზია; ასევე, 1300 პურ-ფუნთუშეულის საცხობი, საწარმო, მაღაზია;
ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 300-ზე მეტი საავადმყოფო და მათი თანამშრომლები;
სამედიცინო მომსახურების გაწევის ან მიღების მიზნით გადაადგილება;
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები;
საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვები;
შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;
ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება და ინკასაცია;
კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილება;
საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილება;
ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის, გაზის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება;
საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; სახელმწიფომ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გადავსულიყავით დისტანციური რეჟიმით მომსახურებაზე, მაგრამ არიან ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ გადაადგილება ავტომობილით. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის, მოხუცებს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით.
ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შსს-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად, 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ამ დაშვებით ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები