ტურიზმის ადმინისტრაცია: საკარანტინო სივრცეების მოწყობით 2500-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ადმინისტრაცია კარანტინების პროექტის მართვით არამხოლოდ ასრულებს მნიშვნელოვან როლს COVID-19 ბრძოლაში, არამედ ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა პირდაპირი ინსტრუმენტებით, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის “ფეისბუქპოსტშია” ნათქვამი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეების მოწყობით 2500-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა.

“კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიო ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი ამ ობიექტური თუმცა ნეგატიური მიზეზის გამო.

2020 წელი უდავოდ იქნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლების მქონე ტურისტული წელი ჩვენი ქვეყნისთვის, რის მისაღწევადაც ჩვენ ყველამ ერთად თავდაუზოგავად ვიშრომეთ გასულ, 2019 წელს.

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ინერციით რომ არ იზრდება, ეს ძალიან რთულმა, 2019 წელმა, განსაკუთრებით ნათლად დაანახა ყველას, ვინც მუდმივად ცდილობდა ამ “შეხედულებით” ინდუსტრიის დაკნინებას. ჩვენი სფერო ერთ-ერთი განსაკუთრებულად კონკურენტუნარიანია მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად, ქვეყანა და მისი კერძო სექტორი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს იმისთვის რომ ბაზრის წილიც პროპორციულად იზრდებოდეს. საქართველო ამის ნათელი მაგალითია.

რა ხდება ახლა – შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ადმინისტრაცია კარანტინების პროექტის მართვით არამხოლოდ ასრულებს მნიშვნელოვან როლს COVID-19 ბრძოლაში, არამედ ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა პირდაპირი ინსტრუმენტებით:

✅83 სასტუმროს სრული დატვირვით ფუნქციონირება
✅დასაქმებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 2,500 ადამიანზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით
✅მუდმივ გამოყენებაშია სოფლის მეურნეობის პროდუქტები
✅ჩართულია სხვადასხვა ბიზნესები – სატრანსპორტო, ქეითერინგი და ა.შ

ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა სჭირდება ტურიზმის ინდუსტრიას. მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი შესაძლებლობები შემოსავლების მიღების ახლა და ამჟამად (რომ არაფერი ვთქვათ იმ საშეღავათო პირობებზე რომელიც საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეიმუშავა – საგადასახადო თუ სესხების სუბსიდირების კუთხით). დიდი მადლობა ეკუთვნით კარანტინის პროექტში ჩართულ უკლებლივ ყველა სასტუმროს, რადგან ისინი არამხოლოდ გვერდში დაუდგნენ ქვეყანას და გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა არამედ პროექტის მეშვეობით განაგრძეს თანამშრომლების დასაქმება და მათთვის ხელფასების შენარჩუნება.

რაც შეეხება მომავალს, სამწუხაროდ, რთული რამდენიმე თვე იქნება თუმცა ეს პესიმისტური განწყობის შექმნას არ ნიშნავს! საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია რომ ერთ-ერთი პირველი იქნება რომელიც სწორ დროს მოიზიდავს სასურველ, მხარჯველუნარიან ტურისტებს – ეს ნათელი და ცხადია. მარკეტინგს და ქვეყნის პოპულარიზაციას რაც შეეხება – უმთავრესად სწორი დრო და სწორი პოზიციონირება სჭირდება.

როგორც ყოველთვის, კერძო სექტორთან ერთად შევჯერდებით სწორ დროს სწორი სტრატეგიის ამოქმედებაზე და ამ თემებზე კიდევ უფრო მეტს ვუსაუბრეთ ღიად და ერთად.

ახლა მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ჩვენი ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე, რომელიც ასე დივერსიფიცირებულია – ჩვენი გიდები, სასტუმროები, ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესი, ღონისძიებების ორგანიზატორები თუ სხვა.

ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მთავარია დავრჩეთ სახლში და არ ვიყოთ უნებლიე ვირუსის იმპორტიორები ან გამავრცელებლები. ამ ყველაფრის შემდგომ, ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მოგზაურებისთვის მთავარი უსაფრთხოების ინდექსი და მთავრობების სწორი გატარებული პოლიტიკა იქნება რაშიც, საბედნიეროდ , საერთაშორისო არეალზე მოწინავეა საქართველო,”- აცხადებენ ტურიზმის ადმინიტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები