ზაზა გაბუნია: ჩვენ გვაქვს იმედისა და გამარჯვების მოლოდინის საფუძველი, მაგრამ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ ისე, როგორც – არასდროს

„საგანგებო მდგომარეობა – ეს არის რეჟიმი, სადაც თავმოყრილია მთელი კომპლესი ერთმანეთთან დაკავშირებული თემებისა – სოციალური, ჯანდაცვითი, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული”, – აღნიშნულის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, სასწრაფო მანქანების მძღოლებს, რომლებიც მომქანცველი დღეებისა და ღამეების განმავლობაში არ ეცემიან უხილავი მტრის წინაშე ბრძოლაში, იმისთვის, რომ მას ხელიდან გამოსტაცონ ადამიანების სიცოცხლე და ყოველი პაციენტი დაიცვან.

„ისინი უმაგალითო შრომას ეწევიან. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. მადლობა კომპანიებს, რომლებმაც ამ ვითარებაში შეინარჩუნეს თანამშრომლები და ზოგიერთმა მათგანმა ისიც მოახერხა, რომ თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა, მადლობა პურის მცხობელებს, სამედიცინო ნიღბების მკერავებს, სასურსათო და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და საჯარო სამსახურების თანამშრომლებს. მადლობა ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს და სახელმწიფო რწმუნებულებს, რომლებიც დიდ შრომას ეწევიან რეგიონებში პროცესების ეფექტურად და კარგად მართვისთვის და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი – მადლობა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია გაერთიანება, როცა საზოგადოების თუნდაც ერთ წევრს სასიცოცხლოდ სჭირდება თანადგომა. ახლა კი ვნახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თანაგრძნობისა და მხარდამჭერის ერთ დიდ ძალად გადაქცევა მაშინ, როდესაც არავინაა დაცული საფრთხისგან”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მან ოპოზიციასაც მიმართა და როგორც აღნიშნა, საწყენია, რომ მათთვის მადლობის გადახდა არ შეუძლია, რადგან ამის მიზეზი და საფუძველი უბრალოდ არ არსებობს.

„პანდემია არ არის და არ შეიძლება იყოს საარჩევნო საკითხი. დღეს რომ თქვენ მშვიდად ხართ და პირვანდელი პანიკურობა აღარ გეტყობათ, ეს არის სწორედ მთავრობის კარგად მუშაობის შედეგი. თქვენში შემცირდა პანიკურობა, მაგრამ სამწუხაროდ, გაიზარდა პოპულიზმი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებს, რაც დღეს ქვეყანაში ობიექტურად არსებობს თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ შრომა, გარჯა ან თავდადება დააკლო საქმეს.

„კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლება ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაქსიმალური შედეგისთვის მუშაობს. ეს შედეგები კი სახეზეა, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკის, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. რეგიონებში არ გაჩერებულა არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ყველას მიცემული აქვს მკაფიო დავალება, რომ სამუშაოები შეასრულონ არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით. ეს ყველაფერი კი, კეთდება უძილო ღამეების და უზარმაზარი შრომის ფასად, რისთვისაც არავინ ითხოვს მადლობას, რადგან ეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ბუნებრივი ვალდებულებაა, მაგრამ არც პოპულისტურ, უპასუხისმგებლო და უსამართლო კრიტიკას მივიღებთ. საქმის კეთება შეუძლია ყველას და ახლა მხოლოდ ეს არის საჭირო. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ერთად, განაგრძობს უხილავ მტერთან ბრძოლას, როგორც სწორი ჯანდაცვთი სტრატეგიის ისე, ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით. ამ ბრძოლას აქვს შედეგები და ამ შედეგებს ხედავენ ყველგან. როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, დღეს, პარლამენტში როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების წინადადებისთვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილება, ხელისუფლება ამავდროულად, კარგად იაზრებს იმას, რომ არ არის მარტივი შეზღუდვების პირობებში ცხოვრება.

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, ვისთვისაც რთული აღმოჩნდა შეზღუდვების პირობებში ცხოვრება, გამოვუცხადო მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა და ვუთხრა, რომ მიუხედავად ასეთი სირთულისა, რასაც თითოეული ჩვენთაგანი განიცდის, ეს გზა უნდა გავიაროთ. ეს გვჭირდება საბოლოო გამარჯვებისთვის. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის და იმედის საფუძველი, მაგრამ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს გამარჯვების მოლოდინის საფუძველი, მაგრამ ეს გამარჯვება საბოლოოდ დადგება მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დამღლელი და მომქანცველი მარათონული რბოლის შემდეგ, საბოლოოდ გადაკვეთთ ფინიშის ხაზს. მოსახლეობა უნდა იყოს იმედიანად, რადგან ხელისუფლება არის საკმარისად მტკიცე, საკმარისად ინიციატივიანი, საკმარისად პროფესიონალი, რადგან საქართველოს სჭირდება ასე. ახლა მოქმედების დროა. ჩვენ მყარი შთაბეჭდილება უნდა შევიქმნათ ქვეყნის მომავალზე დღესაც და ხვალაც, როცა პანდემია გადაივლის და უნდა ვირწმუნოთ საქართველოს მომავლის”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები