საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხი, რას გადაწყვეტს პარლამენტი –  დეპუტატების განსხვავებული მოსაზრებები

 გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში –  ამ საკითხზე პარლამენტმა გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ უნდა მიიღოს. კორონავირუსის პიკს სპეციალისტები  მაისში  ელოდებიან. მთავრობის  თავდაპირველი  ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართავს.

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თემასთან  დაკავშირებით დეპუტატების მოსაზრებები განსხვავებულია. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს.

“აბსურდული შეზღუდვების გაუქმების გარეშე, რისი მაგალითებიც არის ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და ბევრი სხვა რამ, რაც მთავარია,  ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადის შეჩერებასა და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას, რაც მათ ეკუთვნით და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს“, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია..

მთავრობის მიერ  ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას „ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვს.

„გასული თვის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ, ფაქტობრივად, სრულად დაკარგა შემოსავალი. ჩვენ დღემდე არ გვინახავს მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი.

ჩვენ დღეს არ გვაქვს პასუხი, რა არის სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკა ამ გრძელვადიან გამოწვევასთან გამკლავებისთვის და რა არის მზადყოფნა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის იმ პიკისთვის, რომლის გადავადებაც იყო მთავარი მოტივაცია იმ საგანგებო ღონისძიებებისა, რომელიც შემოღებული იქნა“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

რაც შეეხება ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ – ისინი საკითხს მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერენ.

„საგანგებო მდგომარეობას რაც შეეხება  –  ჩვენ, პირველ ყოვლისა, მთავრობისაგან მოვითხოვთ კონკრეტული გეგმების  წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ, მათ შორის, ეკონომიკასთან, მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერასთან , ჯანდაცვასთან მიმართებით.   მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ,  დავუჭიროთ თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,მმართველი გუნდი  24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს.  

„პარასკევს, 24 აპრილს საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტსა და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და, შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმკვირასთანსაუბრისას განაცხადა, ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ, პირველ ყოვლისა, „საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“ . დეპუტატის თქმით,  კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ეფექტიანად იმუშავა.

დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ მანიპულაციებზე საუბრობს.

„აქამდე რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული, იყო საკმაოდ ეფექტიანი. ყველა ეს შეზღუდვა ჩვენი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების კონსულტაციების საფუძველზე  იყო მიღებული.  მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენი ჯანდაცვის საზოგადოების წარმომადგენლობასა და მათ კონსულტაციებს. მთავრობას უშუალოდ მათთან კონსულტაციების  გარეშე შეზღუდვებთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება  არ მიუღია.

ეკონომიკური გეგმაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, პარალელურად  მიმდინარეობს, მაგრამ, პირველ ყოვლისა, საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

 ეკონომიკური  გეგმა არსებობს, თანხები მობილიზებულია როგორც შიდა, ბიუჯეტური, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში 3 მილიარდ დოლარამდე.   შეიძლება, იყოს შენიშვნები და კრიტიკა, მაგრამ ის, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრელობის ხარჯზე  შენ პოლიტიკური მანიპულაცია განახორციელო,  ეს მათ პოლიტიკურ სინდისზე იყოს, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერევით, ამას საზოგადოება თავად გასცემს პასუხს.

რაც შეეხება საგანგებო მდგოამრეობას, ეს, რა თქმა უნდა, 10 მაისამდე გაგრძელდება. შეზღუდვებმა იმუშავა.  მე გახლავართ მაჟორიტარი დეპუტატი და დავდივარ ხალხში, ძალიან ახლო კომუნიკაცია მაქვს და  მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უმრავლესობა   ემხრობა,  მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვებს,   ის, რომ ამ შეზღუდვებმა დღემდე ეფექტიანად გაამართლა, ეს ფაქტია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

 

როგორც მმრთველ გუნდში აცხადებენ, COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა, შესაბამისად, ლოგიკურია და აუცილებელიასაგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, უმრავლესობის მხრიდან საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას სრული მხარდაჭერა ექნება.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, რეალურად, პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიცაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უკავშირებს ეკონომიკურ პროგრამას მაშინ, როდესაც თავადაც კარგად ხედავენ,  მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების გამოწვევების მიმართულებით – 3 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და, ასევე, დაიხარჯება სოციალური მიმართულებით.

პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა სესიაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ექიმი ლადო კახაძე.

„ვიცით, რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა, ეს არის მსოფლიო პანდემია. ახლა ვუსმენდი, ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნა მოხდა, ძალიან მძიმე მდგოამრეობაა. ყველაზე მეტად გაუჭირდა სამასპინძლო  ბიზნესს, ეს არის ტურიზმი, სასტუმროები, რესტორნები, გაუჭირდა სპორტულ ღონისძიებებს,  ოლიმპიადა გადაიდო, ეს ვიცით. ეს განა ოპოზიციამაც არ იცის? მაგრამ ისიც  იცის, რომ   მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაში ღრმად ჩახედული არაა.  ვერ გავამტყუნებ, ოპოზიცია ამით ვაჭრობს, ამით თავის ადგილს იმკვიდრებს, ეს პოლიტიკური ბრძოლაა. მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა იმდენად გონიერია ,  სწორად ხედავს  ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა ლადო კახაძემკვირასთანსაუბრისას.

საკითხის მხარდაჭერას აპირებს დეპუტატი, პარტია  „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანიც. როგორც მანკვირასთანსაუბრისას განაცხადა, თუ შეზღუდვები  მოიხსნება  და ეპიდემიური მდგომარეობა გაუარესდება , ეს ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. 

„მგონია,  ეპიდემიოლოგიური მდგომაროება ისეთია, რომ საგანგებო მდგომარეობა, ის წესები, რომელიც ახლა მოქმედებს, შეიძლება, გარკვეული კორექტივებით,  მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობის ამოცანაა, ყველაფერი დაუჯეროს გამყრელიძეს, იმნაძეს, ცერცვაძეს, ეზუგბაიას.

ჩვენ თუ ამ შეზღუდვებს მოვხსნით და ეპიდემიური მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდება, ეს კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობასა  და ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას – რასაკვირველია, ეს საჭიროა. ანტიკრიზისულ გეგმაში ასახული  უნდა იყოს ასებული რესურსების მაქსიმალურად ოპტიმიზება.  თუ მთავრობას არ ექნება  ასეთი გეგმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ  ეპიდემიოლოგიური მდგომაროების გაუარესება.  ყველა შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას  მხარი უნდა დავუჭიროთ“, –  განაცხადა ჟორჟოლიანმა „კვირასთან“ საუბრისას.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის,  ბექა ნაცვლიშვილის  განცხადებით,  საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერეს,  თუ დასაბუთებულად   მოისმენს, რომ ამის  ერთადერთი აუცილებლობა ვირუსის გავრცელების პრევენციაა.

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ  „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, თუ ვირუსის  მასშტაბური გავრცელება მოხდება, ამას ჯანდაცვის სისტემა  ვერ გაუძლებს.

„საგანგებო  მდგომარეობა ერთადერთი, რასაც ემსახურება, ეს  ვირუსის გავრცელების პრევენციაა. ამიტომ,  საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე რეკომენდაცია, პირველ ყოვლისა,  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გასცეს, რომელიც ზედამხევდელობს ამ პროცესს.

ეს არის დღესდღეობით ერთადერთი მექანიზმი,  რომელმაც შეიძლება, ვირუსის გავრცელების პრევენცია უზრუნველყოს. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებეობს. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, სხვა მექანიზმებით, არაშეზღდვებით, ნებაყოფლობით, რომ ადამიანმა თავად დაიცვას სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს ასე კარგად ვერ ხერხდება, არ ხერხდება. აქედან გამომდინარე,  საჭირო ხდება ხოლმე საგანგებო ვითარება.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე:   არის დარგები, რომლებიც ახლა გაჩერებულია, ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს,  ვერ მუშაობენ.  ეს სამუშო მყისიერად კი არ უნდა აღდგეს, სახელმწიფომ   ეს ადამიანები აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ფულადი დახმარებით, რომ სულ ცოტა საარსებო მინიმუმით იყვნენ უზურნველყოფილები. 

ამიტომ მე მხარს დავუჭერდი,  დასაბუთებულად  თუ მოვისმენდი,  რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ერთადერთი აუცილებლობა არის ის, რომ  ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. სხვა შემთხვევაში,  თუ ვირუსის  მასშტაბური გავრცელება იქნება, ამას ვერ გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ეს გამორიცხულია “, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა  „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობაა  408, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 95,  გარდაცვლილი 4,  კარანტინის რეჟიმშია  4816 ადამიანი,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –  571.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები