“როგორ გადავურჩეთ დაინფიცირებას ქუჩებსა თუ მარკეტებში”
სამედიცინო უნივერსიტეტ “გეომედის” პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პაპიტაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსის და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საუბრობს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, უპრიანია დოლბანდის ხუთფენიანი პირბადე, რომელიც 2-3 საათზე მეტხანს არ უნდა გეკეთოთ, მერე ან უნდა გადააგდოთ, ან გარეცხოთ.
“კორონავირუსი რნმ-ის ტიპის ვირუსთა ჯგუფს (რიბონუკლეინმჟავა) განეკუთვნება. ის პატარაა და ძალიან ადვილად ვრცელდება – შეიძლება ნახევარ საათში ერთი ვირუსიდან მილიონი ვირუსი წარმოიშვას. ის ბინადრობს ცხვირ-ხახის ლორწოვანგარსში და კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსებსაც აღწევს, მაგრამ ადამიანს თუ არა აქვს კარგი იმუნიტეტი, შეიძლება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში მოხვდეს. ამ დროს ვითარდება ე.წ. მულტიორგანული დაზიანება. იმის გამო, რომ ვირუსი მსუბუქია, ის თავსდება ნერწყვის მიკროსკოპულ ნაწილაკებში, პირის ღრუდან რომ გამოიყოფა ლაპარაკის, ხველებისა და დაცემინების დროს. ვინაიდან კუჭ-ნაწლავშიც მრავლდება, არსებობს ინფიცირების ფეკალური გზაც. ამიტომ ადამიანმა ზედმიწევნითაც რომ დაიცვას რეკომენდაციები (პირბადე, ხელის დაბანა, დისტანცია), შეიძლება საპირფარეშოში დაინფიცირდეს. ამიტომ აუცილებელია უნიტაზის დეზინფექცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კორონავირუსი დიდხანს რჩება ჰაერში. გერმანელი მეცნიერების კვლევით დამტკიცდა, რომ როცა ადამიანი აცემინებს ან ახველებს, ნერწყვი ღრუბლის სახით გამოიყოფა. მას ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მიკრონული ნაწილაკებია, მაგრამ სიბნელეში სახის წინ პროჟექტორს თუ გაანათებთ, დაინახავთ ამ ღრუბელს, როგორც მტვერს, რომელიც ჰაერში დაფრინავს. პროჟექტორის განათებით დამტკიცდა, რომ ლაპარაკით ვირუსი 2 მეტრამდე, დახველების დროს 3,5 მეტრამდე, დაცემინებისას კი 5,5 მეტრამდე გადაეცემა. თუ რამდენ ხანს რჩება ჰაერში ან საგნების ზედაპირზე ვირუსი ამაზე, გერმანიისა და ისრაელის სპეციალისტები მუშაობენ და კვლევების შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებენ. დამტკიცდა, რომ კორონას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ცელსიუსით 4-დან 8 გრადუსამდეა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად შრება ვირუსიანი ნერწყვის უხილავი ნაწილაკები და ვირუსი კვდება. ამიტომ, თუ ტემპერატურა 30-40 გრადუსამდეა, ვირუსი ჰაერში 3-4 წუთს რჩება, თუ 0 გრადუსამდეა, 1 საათამდე. თუ ყინვაა, ნერწყვის პატარა ნაწილაკები იყინება და დაბლა ცვივა. დაახლოებით -5 გრადუსიდან და უფრო დაბლა ისინი ძირს ცვივიან და ინფიცირების უნარს კარგავენ. ეს ორი წელია თბილი ზამთარი გვაქვს, ყინვა არ ყოფილა რუსეთსა და ჩინეთშიც. იქ შეიძლება ვირუსი კიდევაც ცირკულირებდა და ყინვა რომ ყოფილიყო, უფრო დაილექებოდა. საერთოდ, კორონავირუსის გადაცემა უფრო ხშირია კოლექტივებსა და ქუჩაში.
რაც შეეხება იმას თუ როგორ ხდება ქუჩაში ვირუსის გადადება – წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და თქვენ წინ მიდის ორი უპირბადო ადამიანი, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ. იმ ორიდან ერთი მაინც თუ დაინფიცირებულია, გამოყოფს ამ ღრუბელს და მისი დიამეტრი ამ შემთხვევაში არის 50-80 სმ. ინფიცირებული მიდის და უკან ტოვებს ღრუბლის შლეიფს. თუ უკან მიჰყვება ვინმე და კომბინეზონი არ აცვია, დაინფიცირება გარდაუვალია. პირბადეც რომ ჰქონდეს, შეიძლება ვირუსი თვალის ლორწოვანზე, თმაზე, ასევე ტანსაცმელზე მოხვდეს (უკვე ლაპარაკია ფეხსაცმელზეც). ნიღაბი არის 80%-იანი დაცვა და ეს შენი დაცვა კი არა, შენგან დაცვაა. თუ ყველას უკეთია ნიღაბი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ეს კულტურისა და სოლიდარობის ამბავია… როცა ასეთ ხალხს დაინახავთ, შლეიფური ინფიცირება რომ არ მოხდეს, უკან კი არა, გვერდით უნდა იაროთ, 2 მეტრის დაშორებით. ქარიან ამინდში ვირუსს ქარი ფანტავს და არ არის იმდენად საშიში, გადადების დიდი საშიშროება ნორმალურ ამინდშია. უკვე არის შრომები, სადაც დადასტურებულია, რომ ეს ვირუსი 60 გრადუსზეც არ იღუპება. 70 გრადუსზე 5 წუთში, 100 გრადუსზე კი მომენტალურად კვდება.
ამერიკელების კვლევით, ტანსაცმელზე ვირუსი 3-დან 12 საათამდე შეიძლება გაჩერდეს. ამინდს გააჩნია – თუ სინოტივე მაღალია, ვირუსი მასზე დიდხანს რჩება, თუ მშრალი ამინდია, ნაკლებად. ახლახან გერმანელებმა კარგი შრომა გამოაქვეყნეს – ნახეს, რომ ოთახებში ვირუსი კი იყო, მაგრამ მკვდარი, არ ჰქონდა გამრავლების უნარი – ანუ მთავარი ის კი არ არის, საერთოდ არის თუ არა ვირუსი, არამედ ის, რამდენად აქვს გამრავლების უნარი. არა მარტო ქუჩაში, სახლშიც აუცილებელია წესების დაცვა. როცა შინ ბრუნდებით, ფეხსაწმენდი ტილო უნდა იყოს სველი, სადაც იქნება დასხმული მადეზინფექცირებელი ხსნარი. თუ ვინმემ სადარბაზოში გაიარა და დააცემინა ან დააფურთხა, შეიძლება ვირუსი სახლში ამ გზით შემოიტანოთ. ფეხებს გაიწმენდთ და კარს რომ გააღებთ, არ უნდა დაკეტოთ. ცალკე უნდა გქონდეთ ყუთი, სადაც ფეხსაცმელს ჩადებთ. ამ დროს იქმნება ინფიცირების ორი კერა – ფეხსაცმელი და ხელი, რომელიც მას მოჰკიდე და გაიხადე. შემოსასვლელ კარს კიდევ არ კეტავთ. შემდეგ იქვე, ცალკე კარადაში უნდა მოათავსოთ ქურთუკი, ქუდი და ყველა ის ტანსაცმელი, რაც გარეთ გეცვათ. მაშინვე ნიღაბს აგდებთ შესასვლელთან მდებარე ნაგვის ვედროში, რომელშიც აუცილებლად ცელოფანია ჩაფენილი. ამ რისკს რომ მოიცილებთ, შემდეგ ხელი დაიბანეთ ქაფიანი საპნით. მანამდე ხელს არაფერს ჰკიდებთ, ტუალეტის კარის და წყლის ონკანის სახელურსაც არ შეეხოთ, მაგალითად, გახსენით იდაყვით. თუ მაინც მოჰკიდებთ, მერე სათანადო წესით უნდა დაამუშაოთ. მხოლოდ ასეთნაირად ხელის დაბანის დასრულებისას შეიძლება ჩაიცვათ საშინაო ტანისამოსი. ბოლოს უნდა აიღოთ მადეზინფექცირებელი ხსნარით გაჟღენთილი ტილო და დაამუშაოთ ორივე მხრიდან კარის სახელური და ამის მერე დახუროთ კარი. ეს პროცედურები დროს მოითხოვს და დამღლელ-მოსაწყენია, მაგრამ ინფიცირების აცილების სხვა გზა არ არსებობს და უნდა მივეჩვიოთ, ცხოვრების წესად გავხადოთ. ქუჩის ტანისამოსსაც ორივე მხარეს დამუშავება სჭირდება ცხელი ფენით ან ორთქლის უთოთი. თუ ტანსაცმელს არ დაამუშავებთ, 12 საათი არ უნდა მიეკაროთ… თუ ვიღაცამ გთხოვათ ტელეფონი, მაშინვე უნდა დაამუშაოთ. მაღაზიაში თუ ხართ, დაგირეკეს და ამოიღეთ ჯიბიდან, თან არ იცით, ინფექციის ღრუბელმა გაიარა თუ არა, უნდა დამუშავდეს.
პლასტიკსა და მეტალზე ეს ვირუსი 3-დან 7 დღემდე შეიძლება შენარჩუნდეს. საგნებს სპირტით თუ დაამუშავებთ, ის 70-გრადუსიანზე ნაკლები არ უნდა იყოს.
რაც შეეხება პირბადეების გამოყენებას, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, უპრიანია დოლბანდის ხუთფენიანი პირბადე, რომელიც 2-3 საათზე მეტხანს არ უნდა გეკეთოთ, მერე ან უნდა გადააგდოთ, ან გარეცხოთ. ქაღალდსა და მუყაოზე ვირუსი 24 საათს ძლებს, მეტალის ფულზე კი 3 დღემდე ჩერდება. როდესაც მოლარე თქვენგან ფულს იღებს, მან სხვისგან აღებული ფულის მერე აუცილებლად უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით ხელთათმანიც. ეს ფულთან ყველა შეხების მერე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს? თანაც ხსნარები ძვირია. ამიტომ, როცა მოლარე ხურდას გიბრუნებთ, უნდა გქონდეთ ცელოფანი და მასში ხურდა თვითონ უნდა ჩაგიყაროთ. ყველაფერს ისე უნდა მივუდგეთ, რომ შეიძლება ყველაფერი ინფიცირებული იყოს. როცა მაღაზიიდან შინ დაბრუნდებით, პროდუქტი ნიჟარაში უნდა მოათავსოთ და გარეცხოთ საპნითა და გამდინარე წყლით. არა აქვს მნიშვნელობა, წყალი ცხელია თუ ცივი. ხურდა ფულსაც ასე ვრეცხავთ, ქაღალდის ფულს კი ვაუთოებთ (მთავარია, 100 გრადუსი იყოს) ან ფენით ვამუშავებთ, შემდეგ ხელს იმავე წესების დაცვით ვიბანთ და უთოს სახელურს ვამუშავებთ”,- განმარტა პაპიტაშვილმა.
მან ინტერვიუში ორსულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფექცია ორსულისთვის სახიფათოა.
“ჩემი მუშაობის ბოლო 8-9 წელი ორსულებში ინფექციური, მათ შორის ვირუსული დაავადებების საფუძვლიანად შესწავლას მივუძღვენი. ინფექციური დაავადებები არა მარტო ვირუსულია, შეიძლება იყოს ბაქტერიული, პარაზიტული, ქლამიდიური და ა.შ.. ნებისმიერი ინფექცია ორსულისთვის ძალიან სახიფათოა. ეს პრობლემა კარგად რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ ინფექციური აგენტების თავისებურებანი. პირველი მათ შორის არის საკითხი, გადადის თუ არა დედიდან ნაყოფზე ზოგიერთი ინფექცია. თავდაპირველად ითქვა, რომ კორონავირუსი არ გადადის დედიდან ნაყოფზე, მაგრამ ამ მხრივ შეიცვალა წარმოდგენები. უხანში ჩატარდა კვლევა 33 ორსულზე, რომელთაც ჰქონდათ მესამე ტრიმესტრში ინფიცირება. მშობიარობის შემდეგ ბავშვები არ მიიყვანეს დედასთან და აღმოჩნდა, რომ სამს ჰქონდა კორონა. ასევე, გამოკვლევა ჩატარდა ნიუ-იორკში 43 ქალზე, სადაც 37-ს მსუბუქი ფორმა ჰქონდა, 4-ს კი კრიტიკული და ძალიან მძიმე. ბრიტანეთში ერთი ბავშვი გარდაიცვალა 6 კვირის ვადაში და არ არის გამოკვლეული რით – იმის გამო, რომ პათოლოგია ჰქონდა და ამ ვირუსმა დაამძიმა, თუ კონკრეტულად კორონავირუსმა მოკლა. ასევე არ არის ბოლომდე დადგენილი, ხდება თუ არა რძით გადაცემა. ჯანმოს რეკომენდაციით, ორსულები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
ორსულებისთვის ვრცელდება ის რეკომენდაციები რაც მთელ მსოფლიოშია – დისტანცია, ჰიგიენა, მაგრამ არის დიდი პრობლემა – ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ვირუსი ნაყოფზე ადრეულ ვადებში. გამოკვლეულია მხოლოდ ის, რომ არ იწვევს ორსულობის მოშლას. ჯერ არ არის გამოკვლეული დაინფიცირებული ორსულების რაოდენობაც. ორსულობის 4-5 თვეს მაინც ხომ უნდა მიაღწიონ, რომ ექოსკოპიურად დადგინდეს, აქვს თუ არა ნაყოფს დეფექტი? ამიტომ ორსულ ქალს უნდა შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ცალკე იყოს და მაღალი რისკის ჯგუფად ჩაითვალოს. თუ პლაცენტა ნორმალური და ჯანსაღია, შეიძლება ვირუსი არ გაატაროს, ან ქალს პლაცენტის გამო ჰქონდეს ანტივირუსული იმუნიტეტი და ნაყოფი არ დაინფიცირდეს. ქალების დაახლოებით 15%-ს აქვს სამეანო გართულებები და ამ პირობებში გააჩნია, როგორი იქნება მსვლელობა. თუ პლაცენტა დაზიანდა, მაგალითად, ტოქსიკოზის დროს, შეიძლება ვირუსი გაატაროს და ნაყოფი არ იქნება დაცული. გარდა ამისა, ორსულ ქალს მეტი ჰაერი სჭირდება, რადგან როცა ნაყოფი იზრდება, ფილტვებს აწვება და ფილტვების მოცულობა მცირდება. ეს ჩინელმა მეცნიერმა გოუმ აღმოაჩინა – როცა ფილტვები ზიანდება, რეზერვი ნაკლებია, ამიტომ უფრო საშიშია და ამ დაავადების სიმძიმე უფრო მეტად გამოხატული იქნება. გარდა ამისა, ორსულს შეიძლება ჰქონდეს ინფექციის უსიმპტომო მიმდინარეობა. მაგალითად, უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკში ორსული ქალი გარდაიცვალა, რომელსაც სიმსუქნე და ჰიპერტონია ჰქონდა, მაგრამ მას სიკვდილის მერე დაუდგინეს, რომ კორონავირუსიც ჰქონია და ეს გახდა სიკვდილის მიზეზი. ასე რომ, ორსულები მაღალი რისკის ჯგუფებში უნდა იყვნენ ჩათვლილი, ყველას უნდა გაუკეთდეს სავალდებულო ტესტირება, რათა გამოირიცხოს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. როცა ქალი იმშობიარებს, არ არის გამორიცხული, დაცვითი ფუნქცია, რომელიც პლაცენტას ჰქონდა, მოიხსნას და მას გართულება დაეწყოს”,- განაცხადა პაპიტაშვილმა.