აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. კორონავირუსის გავრცელება ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მეორადი კვლევის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთივე პირს, ვისი ანალიზიც პირველადი კვლევით საეჭვო იყო და დაემატა კიდევ ერთი ინფიცირებული პირი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ინფორმაციით, დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან ერთი არასრულწლოვანია.
ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეპიდ.კვლევები მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას ბათუმის “მედალფას” კლინიკაში გააგრძელებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 57 გამოჯანმრთელდა.