არჩილ ჯაფარიძე: ეს ოჯახური კლასტერია და მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში იმყოფებოდა.როგორც ჯაფარიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სოფელ მელეში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ოჯახების დეზინფექცირება დილიდანვე მიმდინარეობს .
“50 – მდე ოჯახი უკვე გადამოწმებულია და ტემპერატურის მცირედი მატების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული,ადგილზე მყოფი მედიკოსები მუდმივად აკვირდებიან მათ,ორივე ეს პიროვნება თვითიზოლაციაშია, მათ ტესტირება ჩაუტარდებათ იმ შემთხვევაში,თუ ეს სიმპტომატიკიდან გამომდინარე საჭირო გახდება. არცერთ მათგანს პირველადი შეხება არ ჰქონია დაინფიცირებულ მამაკაცთან,ამიტომ ისინი მაღალი რისკის ჯგუფში არ შედიან. მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება პირველადი და მეორადი კონტაქტების გამოვლენაზე. ეს ოჯახური კლასტერია და მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით“,-განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
ლენტეხში უახლოეს დღეებში დაგეგმილია მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი და იგი დაახლოებით 5000- მდე ადამიანს ჩაუტარდება.ამ ეტაპისთვის, არც მედიკამენტების და არც საკვები პროდუქტების დეფიციტი არ შეინიშნება. მხარის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში მუშაობს და როგორც არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთი მალე დაძლევს ამ გამოწვევას.