გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: ზომების შესუსტება აღდგომის შემდეგ იქნება შესაძლებელი
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი მიიჩნევს, რომ კარანტინის პირველი შესუსტება სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ მინისტრმა Handelsblatt-ს განუცხადა.
“დადებით ტენდენციას ვხედავთ. მაგრამ ის მდგრადი უნდა იყოს”, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ აუცილებელი პირობაა, სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობამ შეზღუდვების რეჟიმი გააგრძელოს.
“თუ ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ წავა, ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან სააღდგომო არდადაგების შემდეგ ცხოვრების ნორმალურ წესზე ეტაპობრივ დაბრუნებაზე შევძლებთ საუბარს”, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების მოქმედების ვადა მოქალაქეების საქციელზე იქნება დამოკიდებული.
9 აპრილის მდგომარეობით, გერმანიაში კორონავირუსის 108 202 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 2107 პაციენტი ემსხვერპლა, 46 300 კი განიკურნა.