თერჯოლის ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თერჯოლის ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროცესს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი- ლაშა გოგიაშვილი, მერის მოადგილე – მერაბ სირაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – არჩილ ქოჩიაშვილი, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი – ტარიელ ფანჩულიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
“მორეცხვა განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაში, მოხალისეთა ჯგუფს, თერჯოლის დასუფთავებისა და ჯანდაცვის სამსახურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თერჯოლის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ყველას, ვინც დღეს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სიმშვიდისა და ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზეა“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.