კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 პირის ანალიზი კოვიდ 19-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ცხელების მქონე პაციენტების რიცხვი როგორც საკარანტინე ზონებში, ისე ცხელების ცენტრებში მატულობს და დღის ბოლომდე რამდენიმე ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ისევ გადაიგზავნება.
„ყოველდღიურ რეჟიმში უფრო მეტი პაციენტის ნიმუშების გადაგზავნა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში. დღესაც გავგზავნით რამდენიმეს. მათ შორის, ცხელების ცენტრებში რამდენიმე ადგილობრივიც უჩიოდა ტემპერატურას, თუმცა, მათგან არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
რეგიონში, ამ დროისთვის, კოვიდ 19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
კახეთის მასშტაბით 11 საკარანტინე სივრცეში 456 მოქალაქე იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ 19-ის 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 50 პირი და გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4722 მოაქალქე იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408 ადამიანია განთავსებული.