მამუკა არეშიძე: ცხინვალში ექიმების ნაწილმა უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე, მათ ე.წ. პრეზიდენტი დაემუქრა
კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა არეშიძე აცხადებს, ექიმების ერთმა ნაწილმა საავადმყოფოში დარჩენაზე უარი განაცხადა, რის გამოც მათ ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაემუქრა.
„რაც შეეხება ცხინვალს – იქ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. იქ ოფიციალურად ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, მაგრამ ერთი ინფექციონისტი რომ ჰყავთ აფხაზეთში, აქ ის ერთიც არ ჰყავთ. არანაირი დახმარება მიუღიათ. იქამდე მივიდა საქმე, რომ გუშინწინ ე.წ. მთავრობის სხდომაზე დიდი ომი იყო გამართული. ე.წ. პრეზიდენტიც ესწრებოდა. ექიმების ერთმა ნაწილმა ქირურგ ვალიევის მეთაურობით უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე. იმაზე კი არა, რომ ავადმყოფს მოემსახურონ, არამედ იმაზე, რომ საერთოდ იქ დარჩნენ.
ვალიევმა სწორად დააყენა საკითხი, ის კი არა, რომ პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები არაა, არამედ მეთოდოლოგია არ ვიცითო, როგორ ვუმკურნალოთ ავადმყოფს, რომელიც ამ ჩივილით შემოვა, არ ვიცითო. ეს აბსოლუტურად მართალი, პროფესიული მიდგომაა.
ე.წ. პრეზიდენტი ეჩხუბა ექიმებს. დაემუქრა საავადმყოფოდან გაგდებით, მათ უთხრეს – წავალთ, რა პრობლემააო“, – განაცხადა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე