კახა კალაძე: ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟისას დაშავებულთა დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული პირების დასახმარებლად თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს.
მისივე თქმით, ობიექტზე მოხდა შემთხვევა, რომლისგანაც დაცული არავინაა.
„ეს არის ის კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად არის დაცული მუშების უსაფრთხოება. ასევე, ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული და რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაცული. ეს არის ის კომპანიები, რომლებიც ძველი თბილისის რეაბილიტაციას ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სამუშაოს უსაფრთხოება როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას – ყველაფერი ხდება, დაზღვეული არავინ არის. რაც უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. თუმცა მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დავეხმარებით მათ და მათ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არის დაშავებული.