ოპერატიული შტაბი: ირანში კორონავირუსით შესაძლოა, 500 ათასი ადამიანი იყოს ინფიცირებული
ირანში კორონავირუსით შესაძლოა, 500 ათასამდე ადამიანი იყოს ინფიცირებული, ასეთია ვირუსის გავრცელების რეალური შეფასება, – განაცხადა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის წევრმა, ჰამიდ სოურუმ.
მისი თქმით, ამჟამად იმ ადამიანების აღრიცხვა არ მიმდინარეობს, ვისაც დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით გადააქვს.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ქვეყანაში 60 500 დადასტურებული შემთხვევაა, 3 739 პირი გარდაიცვალა, 24 236 განიკურნა.
ირანი ეპიდემიის მასშტაბით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
თეირანში მიიჩნევენ, რომ ასეთი მასშტაბის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებია, რომელთა გამო რესპუბლიკაში საკმარისი მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის მიწოდებაა აკრძალული.