რუსუდან თევზაძე: არასერიოზულად გამოიყურება პოლიტიკური ოპონენტების მიერ უარგუმენტო „რეკომენდაციების“ თავსმოხვევის მცდელობა მოქმედი ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის

“ამგვარი სერიოზული გამოწვევისა და მასზე საპასუხოდ განხორციელებული დროული და მიზანმიმართული ღონისძიებების ფონზე, მეტად არასერიოზულად გამოიყურება პოლიტიკური ოპონენტების მიერ, მათთვის დამახასიათებელი სიჯიუტით, სრულიად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი და გაუთვლელი „რეკომენდაციების“ თავსმოხვევის მცდელობა მოქმედი ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის”, – წერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ “ამ ომში ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა ალტერნატივა არ განიხილება”.

“არ ვიქნები ორიგინალური, თუ ავღნიშნავ, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას. ასე მგონია, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო მიჯნაა, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება სრულიად ახალი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბება.

ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს, აუცილებლად მინდა შევახსენო, რომ დღეს არსებული მსოფლიო მასშტაბის პანდემია, თავისი შინაარსითა და ხასიათით, კატასტროფული მოვლენაა, ხოლო კატასტროფების მართვა კი თავის მხრივ, სპეციალურ წესებს და პროტოკოლს ეფუძნება და არა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის სურვილებსა და მიზნებს.

ის, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირველი ეტაპი საქართველომ წარმატებით გადალახა და დღეს ვიმყოფებით ჯეროვანი და კარგად მართული რეაგირების ფაზაში, ძალიან სერიოზულ და მყარ საფუძველს ქმნის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი, თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული და მორგებული სოციალურ- ეკონომიკური აღდგენის ფაზაზე მინიმალური დანაკარგებით გადასვლისათვის.

ფაქტობრივად, ვხდებით რა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის მომსწრენი, კარგად გათვლილი, დროული და კომპეტენტური სტრატეგიისა და ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სავსებით რეალურად შეგვიძლია დავიკავოთ სრულიად ახალი და განსხვავებული ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, როგორც წარმატებულმა ქვეყანამ, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ნაწილში. ბუნებრივია, რომ ე.წ. „სანდო“ და „უსაფრთხო“ ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებული იქნება ახალი, კონკურენტუნარიანი, მსხვილი ეკონომიკური კლასტერის შესაქმნელად.

ამდენად, მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანს, სწორედ ამ მიმართულებით სჭირდება საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამოყენება და არა იაფფასიანი პოპულიზმისა და ფუჭი ნიჰილისტური პოზიციების დასაფიქსირებლად, რასაც არც ფასი აქვს და არც აქტუალური აღარაა დღევანდელ დღეს. ამ ომში ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა ალტერნატივა არ განიხილება”, -რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები