ალექსანდრე მოწერელია: სამ ადამიანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა გამოვლენილ შემთხვევასთან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მედიასთან რეგიონში მიმდინარე საკითხებსა და კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებზე საუბრობს.
,,ჯერჯერობით, გვყავს 2 ინფიცირებული, რომელიც მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. სამ ადამიანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა გამოვლენილ შემთხვევასთან, არ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მათი ანალიზები გაიგზავნება ხელახლა. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე, ამ სამ ადამიანს. ამდენად, რისკი მაღალია და ამიტომაც გადამოწმებას საჭიროებს. ასევე, გამოვლენილია კონტაქტის-კონტაქტები, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას, განსაკუთრებით ბატონ ავთანდილ გალდავას – სამხარეო პოლიციის უფროსს და თითოეულ პოლიციელს, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იმუშავეს და უმოკლეს დროში იქნა დაგენილი ყველა კონტაქტი, ჰვისთანაც ქონდა კავშირი როგორც ინფიცირებულს, ასევე, იმ სამ პიროვნებას, ვის ანალიზებსაც ვაგზავნით ხელახლა გამოკვლევაზე”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 7 ,,ცხელების ცენტრი” – ,,ცხელების ცენტრებს” შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, 42 პაციენტის მიღება. უახლოეს დღეებში ველოდებით, ასევე, რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა ბაზრების საკითხზეც. მისი განცხადებით, დაიხურა სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები.

,,სენაკისა და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს – იქ, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი ,,უნივერსამი” და ამავე დროს მინდა, აღვნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე, დისტანციის დაცვას. ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს – იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები