პარლამენტის გენდერული საბჭო ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანისა და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს

“პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერმინისტრის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანისა და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერმინისტრის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანისა და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს. კვლევის მიზანია, შევაფასოთ, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე და შევიმუშაოთ რეკომენდაციები, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის პროგრამებში გაითვალისწინებს. ეს იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, რათა შევამციროთ ეკონომიკური ზიანი და ეფექტურად დავეხმაროთ ქალებს, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“, – განაცხადა წილოსანმა.

მისი შეფასებით, covid-19, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვისთვის გამოწვევას წარმოადგენს, არანაკლებ რთული გამოწვევა იქნება ქვეყნების ეკონომიკისთვის.

მისივე თქმით, სამუშაო ადგილების შემცირებისა და უმუშევრობის გაზრდის ფონზე, როგორც გაერო-ს მოხსენებაშია აღნიშნული – პანდემიის შედეგების გავლენა უფრო მეტად აისახება ისეთ სექტორებზე, სადაც მეტი ქალი იყო დასაქმებული – სერვისები, ტურიზმი, სარესტორნე სექტორი, თვითდასაქმებულები და სხვა. ამის პარალელურად კარანტინის პირობებში სახლში დარჩენილი ქალების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობა იზრდება.

„სწორედ ამიტომ, პარლამენტის გენდერული საბჭო, როგორც ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, ვიწყებთ ამ თემებზე მუშაობას, კვლევას და ადვოკატირებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც გენდერული საბჭოს წევრმა, აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, სამუშაო ჯგუფი გენდერული საბჭოს სახელით, ქალთა მიმართ ზიანის შემცირების მიზნით, რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც გაგრძელდება მთავრობასთან კოორდინაციით ამ მიმართულებით სათანადო და შეძლებისდაგვარად საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები