ლევან დავითაშვილი: ხორბლის მარაგებსა და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება

“ხორბლის მარაგებსა და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობას პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების პროდუქტია, შესაბამის ფასად უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

„დღეს მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმაც; ეს შეზღუდვა უკავშირდება ბურღულეულ პროდუქტს, ზოგიერთ ბოსტნეულს და ასევე, პირველადი საჭიროების ჰიგიენურ და სამედიცინო დახმარების საშუალებებს. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ველოდით ასეთ ვითარებას და მუშაობა დავიწყეთ ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს პირველადი საჭიროების პროდუქტებით მომარაგება.

რაც შეეხება ხორბალს, რომელიც პირველადი საჭიროების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია – რუსეთმა შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის, ხორბალზეც. წესდება ლიმიტები, ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კვოტირება. თუმცა, რუსეთში კერძო კომპანიები, ძირითადი ექსპორტიორები და ექსპორტიორთა კავშირი აცხადებს, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი და, ასევე, ელოდებიან ახალ მოსავალს. ზოგადად, მსოფლიოში და, განსაკუთრებით კი, რეგიონში არის ხორბლის ჭარბი მოსავალი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ფასები არ გაიზრდება და, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც. კვოტირების რეჟიმშიც კი, ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც საქართველოში ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფს დროის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რომელსაც რაციონალური საფუძველი არ აქვს ჭარბი მოსავლიანობის გამო, ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე მარაგების შესავსებად. შესაბამისად, მოსახლეობას პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების პროდუქტია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის ფასად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის, შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები