“ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული პროცესში, რომ მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს”

“ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული პროცესში, რომ მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დავითაშვილმა ქვეყანაში სასურსათო მომარაგების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ექნება მკაფიო და კონკრეტული პასუხი ეკონომიკურ გამოწვევებზე – ეს იქნება 2 მლრდ კრედიტის შესაძლო რესურსი საბანკო სფეროდან, რომელიც განაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას.

„ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ მარაგების მონიტორინგს. ასევე, ახალი შესყიდვების შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალ-ყურს. სამინისტროში ამ მიმართულებით შესაბამისი ჯგუფი მუშაობს. მიუხედავად იმისა, ექსპორტზე შეზღუდვები ზოგიერთ რეგიონში არსებობს, რაც შემაფერხებელი ფაქტორია, დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი სასურსათო პროდუქტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, სურსათის შეუფერხებელი მიწოდება წარმოვიდგინოთ გეოგრაფიულ ჭრილში. განსაკუთრებული გამოწვევაა მკაცრი საკარანტინო ზონების სურსათით მომარაგება. რეგიონულ შტაბთან ერთად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში იმისათვის, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია.

გლობალური სავაჭრო შეფერხებები სურსათის ჯაჭვის შემაფერხებელი გარემოებები ხდება, რაზეც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) თავის ანგარიშში აღნიშნავდა და რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ადეკვატური პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მარაგების ჯაჭვის მართვა და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, მათ შორის, კრიზისულ და საგანგებო სიტუაციაში. ეს საკითხის ერთი მხარეა. რაც შეეხება დარგობრივად ეკონომიკის განვითარებას. დღეს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ექნება მკაფიო და კონკრეტული პასუხი ეკონომიკურ გამოწვევებზე. ეს იქნება 2 მლრდ კრედიტის შესაძლო რესურსი საბანკო სფეროდან, რომელიც განაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას. ჩვენ გვექნება დეტალური დარგობრივი პროგრამები, რომლებსაც, შემდეგი დღეების განმავლობაში, განვიხილავთ ექსპერტებთან ერთად. პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სწრაფი ტემპით მოვახდინოთ როგორც სოფლის მეურნეობის, ისე – ეკონომიკის სხვადასხა დარგის, სასურსათო-გადამმუშავებელი მიმართულების სწორი სტიმულირება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები